ცნობილი ოსი პოეტი, პროზაიკოსი, ოსური მხატვრული პროზის ერთ-ერთი ფუძემდებელი სეკა გადიათი დაიბადა 1855 წელს სოფ.განისში (ყუდის ხეობაში).
18 წლისა იყო, ქართველმა მღვდელმა წერა-კითხვა რომ ასწავლა. მას სასულიერო განათლება თბილისში მიუღია, რის შედეგადაც იგი 10 წლის განმავლობაში ყუდის ეკლესიაში მსახურობდა. 1882 წლიდან იგი გადასახლებულა ჩრდილოეთ ოსეთში.
სეკამ ლექსებისა და მოთხრობების წერა 1880-იან წლებში დაიწყო. მისი ნაწარმოებები ოსურ ჟურნალ-გაზეთებში 1900-იანი წლებიდან იბეჭდებოდა.
ს.გადიათის ლექსების პირველი კრებული "ოსი მწყემსი" 1905 წელს გამოიცა. მთიელთა დუხჭირი ცხოვრება მთელი სიმძაფრითაა ასახული მის პოემაში "მარტოსული". თანამემამულეთა გაუსაძლისი ყოფა მის ნაწარმოებებში მთავარ ადგილს იკავებს ("დედა და მისი ვაჟი", "აზაუ", "სადულა და მანიჟე" და სხვ.). იგი წერდა მოთხრობებს, დრამატულ ნაწარმოებებს, ლექსებს. ხალხური ზეპისიტყვიერებით ნასაზრდოები მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობდა ოს ხალხში.
სეკა გადიათი გარდაიცვალა 1915 წელს.
No comments:
Post a Comment