Saturday, 9 March 2019

ენათმეცნიერება – სინქრონია და დიაქრონია.


ფერდინანდ დე სოსიური


ფერდინანდ დე სოსიური დაიბადა 1857 წლის 26 ნოემბერს, ჟენევაში
(შვეიცარია). 1879 წელს გამოაქვეყნა „მემუარი ხმოვანთა თავდაპირველი სისტების შესახებ ინდოევროპულ ენებში“, რომელმაც შემდეგში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინდოევროპეისტიკის განვითარებაში. მისი დამსახურება საკმაოდ დიდია ენათმეცნიერების სფეროში. თავისი „ლინგვისტიკის ზოგადი კურსით“ (რომელიც ავტორის სიკვდილის შემდეგ, 1916 წელს გამოქვეყნდა) დიდი გავლენა მოახდინა XX საუკუნის ენათმეცნიერებაზე.


სოსიურმა ენობრივი სისტემა განიხილა, როგორც სემიოლოგიური და სოციალური მოვლენა, ნიშანთა ფსიქიკური სისტემა, მან ერთმანეთს დაუპირისპირა ენა (langue) და მეტყველება (parole), წამოსწია სინქრონიული ენათმეცნიერება დიაქრონიულთან
შედარებით, შემოიტანა ენობრივ ნიშანთა ღირებულების ცნება, განარჩია გარეგანი და შინაგანი ლინგვისტიკა. მისი იდეები საფუძვლად დაედო სხვადასხა საენათმეცნიერო მიმდინარეობას, მათ შორის ლინგვისტურ სტრუქტურალიზმს. თანამედროვე სემიოლოგიის ამოსავალ წერტილს მისი მოძღვრება წარმოადგენს.

„ენათმეცნიერების ისტორიაში იშვიათია ასეთი მეცნიერი, რომლის
ფუნდამენტური ნაშრომი უკვდავი იქნება ყოველთვის. სოსიური ბრწყინვალე
მოჭადრაკე იყო, მან ენა შეადარა ჭადრაკს და მისი წიგნი, მიუხედავად იმისა, რომ
სახელმძღვანელოა (ხოლო სახელმძღვანელო რაღაც მოსაწყენის ასოციაციას იწვევს
ხოლმე), არის ერთი კარგი დეტექტივი ყველა ენის შესახებ. ასეთი წიგნი
ათასწლეულში ერთი იწერება. ბედნიერებაა, რომ ის ქართულად გვაქვს“ – ლევან
ბერძენიშვილი.
სინქრონია და დიაქრონია
ენის სრულყოფილი კვლევისათვის ენათმეცნიერის მიერ ის უნდა აღიწეროს და
შესწავლილ იქნეს ორი განსხვავებული თვალსაზრისით – სინქრონიულად და
დიაქრონიულად.
ეს ტერმინები გამოიყენება ისტორიულ მეცნიერებებშიც, თუმცა მათი განმარტება
და კვლევის მეთოდი ლინგვისტიკური კვლევის მეთოდებისგან მნიშვნელოვნად
განსხვავდება.
ისტორიული მოვლენების სინქრონიული კვლევა გულისხმობს პერიოდების
შესწავლას სინქრონიზაციის პრინციპით, რომლის მიზანიცაა აღნიშნოს ყველაფერი
თანმიმდევრობით, ის პერიოდებიც კი, რომლებშიც ეთნოსოციალური აქტივობა არ
დაფიქსირებულა და ერთგვარი სიმშვიდე სუფევდა, დიაქრონიული კვლევისას
საჭიროა ისეთი თარიღების მოსაზრებაც, რომლებიც ასახავს ეთნოსის ზრდის,
დამცრობისა თუ ხელახალი რეალიზების პერიოდებს.
განსხვავებით ისტორიული მეცნერებებისგან, ლინგვისტიკაში სინქრონია (ბერძ.
Synchronos „ერთდროული“, syn „თანა“, chronos „დრო“) წარმოადგენს ენის ერთ
მოცემულ მდგომარეობას და, ამდენად, იგი (სინქრონია) ასახავს მოლაპარაკე
სუბიექტის პერსპექტივას. მოლაპარაკე სუბიექტმა იცის მხოლოდ ერთი
მდგომარეობა (ენისა) და იგი იყენებს ენას ისე, რომ არ სჭირდება მისი ისტორიის
ცოდნა. მაშასადამე, სინქრონია წარმოადგენს ენის ერთ სტატიკურ მდგომარეობას.
დიაქრონია (ბერძ. dia „გავლით“ chronos „დრო“) დროის ფაქტორზეა
დამყარებული. იგი განსაზღვრავს თუ რა ცვლილებები მოხდა ამა თუ იმ ენაში
დროის გარკვეულ მონაკვეთზე, ე. ი. რა წესების მიხედვით მოხდა ერთი
სინქრონიული მდგომარეობის შეცვლა მეორე სინქრონიული მდგომარეობით. ენის
დიაქრონიული კვლევვისათვის საჭიროა ენის დინამიკური ცვლა, სინქრონიული
მდგომარეობების შეცვლის და ენაში ფუნდამენტური ძვრების გარეშე დიაქრონიული
კვლევა შეუძლებელია.
მეოცე საუკუნის დასაწყისამდე ლინგვისტიკა უმთავრესად ეტიმოლოგიას
(ლინგვისტურ ცვლილებათა ისტორიის შესწავლა) წარმოადგენდა. დე სოსიურის
მიერ დამკვიდრებული თანამედროვე მიდგომა მკაფიოდ გამოყოფს (დიაქრონიულად
წოდებულ) ტრადიციულ ისტორიულ დამოკიდებულებას, რომელიც ენის
პროგრესულ ცვლილებას განიხილავს, სისტემური (ანუ სინქრონული)
დამოკიდებულებისგან, რომელიც ენას სტატიკურად, მისი განვითარების ერთ-ერთ
განსაზღვრულ მომენტში განიხილავს.
სინქრონიის თვალსაზრისით გაანალიზებული ენა სისტემის სახით
წარმოგვიდგება: ესაა ურთიერთდამოკიდებულ მნიშვნელობათა და ერთეულთა
ქსელი, რომლებიც ერთმანეთთან მიმართებაში ერთმანეთთან დაპირისპირების
ძალით განისაზღრებიან. სოსიურის მიერ შემოთავაზებული მნიშვნელოვანი მიგნებაა
ის, რომ ენა სტრუქტურას წარმოადგენს: შეუძლებელია, როგორც ამას ტრადიციული
მეთოდი მოითხოვდა, რაიმე სიტყვის კონცეპტუალური მნიშვნელობა მისი სხვათაგან
განცალკევებით შესწავლით გავიგოთ. თითოეული ტერმინი, ისევე, როგორც
ჭადრაკის ნებისმიერი ცალკეული ფიგურა, თავის ჭეშმარიტ ღირებულებას სწორედ
მთლიან მდგომარეობასთან მიმართებაში იძენს. თითოეული კულტურული
ერთეული მხოლოდ მაშინ იწყებს არსებობას, როდესაც გამოცალკევდება სხვა
მსგავსთაგან, რომლებიც უპირისპირდებიან და ზღუდავენ მას.
სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნა
ფერდინანდ დე სოსიურმა პირველმა მოითხოვა ენათა კვლევის დროს მკაცრად
ყოფილიყო გამიჯნული სინქრონიული და დიაქრონიული პერსპექტიივა.
ენის ცვლილება დროში უნდა გავიგოთ როგორც ერთი სინქრონიული
მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა. დღევანდელი
ქართული იგივე არაა, რაც მე-5 საუკუუნის ქართული. ასევე შეიცვალა დროში
სომხური, რუსული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული და სხვა ენები. მე-12
საუკუნის ქართული წარმოადგენდა გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობას,
რომელიც ასახულია შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“. ასევე შექსპირის
ტრაგედიებში ასახულია ის სინქრონიული მდგომარეობა, რომელიც ინგლისურს
ჰქონდა მე-16 საუკუნის ნახევარში, ა.ს. პუშკინის ენა ასახავს იმ მდგომარეობას,
რომელიც რუსულს ჰქონდა მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში და ა.შ.
თუმცა სინქრონული მდგომარეობები ენაში არ იცვლება საუკუნეების მიხედვით,
ერთი სინქრონიული მდგომარეობა ენისა შეიძლება გაგრძელდეს საუკუნეების
განმავლობაში. ენა რომ სინქრონიული ერთი მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ
მდგომარეობაში გადავიდეს, საჭიროა ამ ენაში ძირეული ცვლილება მოხდეს
(მცირეოდენი ცვლილებები მხედველობაში არ არის მისაღები). ძველი ქართული,
მაგალითად, ერთ გარკვეულ სინქრონიულ მდგომარეობას წარმოადგენს ქართული
ენის განვითარების ისტორიაში. ძველი ქართული შეცვალა საშუალმა ქართულმა
(XII-XIIIსს.), რომელიც ასევე გარკვეული სინქრონიული მდგომარეობაა, მაგრამ 15
საუკუნე საკმაოდ მცირე დროა ენის განვითარების ისტორიაში. თუ კიდევ ერთ
თხუთმეტ საუკუნესაც ავიღებთ, ძველი წელთაღრიცხვით X ს-დან ჩვენი
წელთაღრიცხვის V ს-მდე ქართული უფრო მეტად შეიცვალა, ვიდრე სომხური.
ამიტომ ენათა განვითარების დიდ პერიოდებს თუ ავიღებთ, მაშინ ცვლილების ტემპი
სხვადასხვა ენაში ერთნაირი იქნება, რაც არ გამორიცხავს იმას, რომ დროის ერთ მონაკვეთში ერთი ენა უფრო სწრაფი ტემპით იცვლებოდეს, ვიდრე მეორე.
მიგრაციები, დიდი ისტორიული მოვლენები აჩქარებენ ენის ცვლილების ტემპს.
რომის იმპერიის დაცემამ და ერთი ცენტრის მოშლამ დააჩქარა რომანული ენების
წარმოქმნა. გერმანიკული ტომების ნაწილის გადასვლამ ბრიტანეთის ტერიტორიაზე
დააჩქარა ინგლისური ენის ჩამოყალიბება და ა.შ.
სინქრონიისა და დიაქრონიის გამიჯვნის შედეგია ორგვარი ლინგვისტიკის
განსხვავება. ესენია: სინქრონიული ლინგვისტიკა და დიაქრონიული ლინგვისტიკა.
სინქრონიული ლინგვისტიკის ობიექტია ერთი მოცემული მდგომარეობა ენისა,
რომელსაც სინქრონიული ლინგვისტიკა იკვლევს ისე, რომ არ ითვალისწინებს იმ
გარდაქმნებს (ისტორიულ ცვლილებებს), რომლებმაც წარმოქმნეს მოცემული
მდგომარეობა ენისა.
დიაქრონიული ენათმეცნიერება, პირიქით, დროის ფაქტორზეა დამყარებული. იგი
განსაზღვრავს თუ რა ცვლილებები მოხდა ამა თუ იმ ენაში დროის გარკვეულ
მონაკვეთზე, ე. ი. რა წესების მიხედვით მოხდა ერთი სინქრონიული მდგომარეობის
შეცვლა მეორე სინქრონიული მდგომარეობით.
რადგანაც დიაქრონიული ენათმეცნიერება ადგენს იმ წესებს, რომელსაც მოცემული
ენა ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში
გადაჰყავს, ამიტომ ასეთი კვლევის დროს აუცილებელია გვქონდეს მინიმუმ ორი
სინქრონიული მდგომარეობა. რაც უფრო მეტია ასეთი სინქრონიული
მდგომარეობები, მით უფრო ეფექტურია დიაქრონიული კვლევა და მით უფრო მეტია
ჩვენი ცოდნა მოცემული ენის ისტორიის შესახებ, მაგრამ ორი სინქრონიული
მდგომარეობა აუცილებელი მინიმუმია. ერთი სიტყვით, თუ სინქრონია ლოგიკურად
გამორიცხავს დიაქრონიას, დიაქრონიული კვლევის დროს სხვაგვარად არის საქმე.
დიაქრონიული კვლევა აუცილებლობით გულისხმობს სინქრონიულ კლევას: ენის
სხვადასხვა სინქრონიული მდგომარეობები რომ ერთმანეთთან შევადაროთ და ამ
გზით დავადგინოთ მოცემული ენი ისტორია, აუცილებელია პირველ რიგში თვითონ ეს სინქრონიული მდგომარეობები გვქონდეს გამოკვლეული. ამიტომ დიაქრონიული
ენათმეცნიერების საფუძველს ყოველთვის შეადგენს სინქრონიული ენათმეცნიერება,
რომლის გარეშეც დიაქრონიული კვლევა ენისა წარმოუდგენელია.
დიაქრონული ლინგვისტიკის ორგვარი პერსპექტივა
დიაქრონიულ ლინგვისტიკას შესწავლის ორგვარი სახე აქვს, ესენია პროსპექტული
და რეტროსპექტული კვლევის მეთოდები.
პროსპექტული დიაქრონული ენათმეცნიერება ენას განიხილავს დროის
მოძრაობის მიმართულებით (ლათ. Prospectus, pro – „წინ“ spectare – „ხედვა“),
რეტროსპექტული დიაქრონიული ლინგვისტიკა (retro „უკან“, spectare „ხედვა“) –
დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ. შესაბამისად, პროსპექტული დიაქრონიული
ლინგვისტიკა ენის კლევას იწყებს ისტორიიდან და თანდათან გადადის
თანამედროვეობისაკენ. რეტროსპექტიული დიაქრონიული ენათმეცნიერება კი
პირიქით – თანამედროვეობიდან წარსულისკენ გადაინაცვლებს.
პროპექტულ დიაქრონიულ ენათმეცნიერებას გარკვეული შეზღუდვა ახასიათებს,
რადგანაც ამ თვალსაზრისით შეიძლება ვიკვლიოთ მხოლოდ ხანგრძლივი
სამწერლობო ტრადიციების მქონე ენები, რაც შეეხება უმწერლობო ენებს, ანდა ისეთ
ენებს, რომელთაც ახლად შექმნილი დამწერლობა აქვთ, მათი პროსპექტიული კვლევა
შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ადრეული სინქრონიული
მდგომარეობები ასეთი ენებისა ჩვენთვის უცნობია.
პროსპექტიული თვალსაზრისით შეძლება ვიკვლიოთ, მაგალითად, ქართული,
რადგანაც ამ ენაზე წერილობითი დოკუმენტები V ს-დან მოგვეპოვება და ამიტომ
საშუალება გვაქვს საუუნეების მანძილზე თვალი ვადევნოთ სალიტერატურო
ქართული ენის განვითარების ისტორიას. ამავე მიზეზის გამო პროსპექტული
თვალსაზრისით შეიძლება ვიკვლიოთ რუსული, სომხური, ბერძნული, ლათინური, გერმანული, ინგლისური და სხვა. მაგრამ, ვთქვათ, მეგრულის კვლევა, რომელიც
უმწერლობო ენაა, ამავე თვალსაზრისით შეუძლებელია. ჩვენ, უბრალოდ არ ვიცით,
თუ როგორი იყო V ან X საუკუნის, ან თუნდაც XV საუკუნის მეგრული, რომ
შესაძლებელი იყოს მეგრულის სხვადასხვა სინქრონიული მდგომარეობების
ერთმანეთთან შედარება და ამ გზთ მისი განვითარების ისტორიის აღდგენა.
რეტროსპექტული დიაქრონიული ლინგვისტიკა თავისუფალია ამ
შეზღუდვისაგან. იგი ერთმანეთს უდარებს იმ სინქრნიულ მდგომარეობებს,
რომლებიც მონათესავე ენებში გვაქვს და მათი შედარების საშუალებით არვევს იმას,
თუ რა არის ამ ენებში არქაული (ბერძ. archaios „ძველი“) და რა წარმოადგენს
გვიანდელ მოვლენას. დაწვრილებით რეტროსპექტული დიაქრონიული
ლინგვისტიკა განხილული იქნება ქვემოთ (იხ. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი),
ამჯერად კი აღვნიშნავთ მხოლოდ იმას, რომ რეტროსპექტული დიაქრონიული
ენათმეცნიერება უფრო ეფექტური და მძლავრია, ვიდრე პროსქეტული
დიაქრონიული ლინგვისტიკა.
სინქრონიული თვალსაზრისის პრიმატი დიაქრონიულთან
მიმართებაში.
დე სოსიური აღიარებდა, რომ სინქრონია არ გამორიცხავს დიაქრონიას, თუმცა
ხაზს უსვამდა სინქრონიული თვალსაზრისის პრიმატულობას დიაქრონიულთან
შედარებით. რადგანაც ენა „ღირებულებათა“ სისტემაა, რომელსაც მისი ტერმინების
მომენტალური მდგომარეობა განსაზღვრავს, ლინგვისტი ვალდებულია ყურადღება
მიაქციოს სინქრონიას და უგულებელყოს დიაქრონია: „თუ ფრანგულად სიტყვა
“depit” „ზიზღს“ აღნიშნავდა, აქედან სულაც არ გამომდინარეობს, რომ ამჟამად მას
სრულიად სხვა მნიშვნელობა არ შეიძლება ჰქონდეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სინქრონია, რომელიც ტერმინის ამჟამინდელი
ღირებულებაა და ეტიმოლოგია, რომელიც ტერმინის ისტორიას ასახავს, ორი
სრულიად განსხვავებული რეალობაა.
სინქრონიული კვლევის დროს დაუშვებელია ენის ისტორიის გათვალისწინება,
რადგანაც ეს გარემოება საფუძველი ხდება სინქრონიისა და დიაქრონიის ერთმანეთში
აღრევისა. ამ ყველაფერს კი ხშირად ჰქონდა ადგილი სოსიურამდელ
ენათმეცნიერებაში და შემდეგაც.
ენა ასრულებს თავის ფუნქციებს (ექსპრესიულს, საკომუნიკაციოს და
საარტიკულაციოს) როგორც სინქრონიული კატეგორია. თანამედროვე ქართველს ქართულად მეტყველების ან წერის დროს არ სჭირდება მე-5 საუკუნის ქართულის ცოდნა, ასევე თანამედროვე ინგლისელს ან რუსს – მე-15 საუკუნის ინგლისურის ან რუსულის ცოდნა და ა.შ. ამიტომ პირველის გასაგებად მეორე საჭირო არაა.
როგორც ნაშრომის დასაწყისში მოხმობილ ციტატაში აღნიშნავდა ლევან
ბერძენიშვილი სოსიურს ჭადრაკი უყვარდა და მან ლინგვისტიკა გონების ამ სავარჯიშოს გადააჯაჭვა. სინქრონიისა და დიაქრონიის შესახებ სოსიური ამბობდა: „არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რომელი სვლების მეშვეობით მიხვედით მოცემულ პოზიციამდე, ამ პოზიციის აღწერისთვის სრულიად უსარგებლოა გასული ათი წამის განმავლობაში გაკეთებული სვლების გახსენება.“

2 comments:

  1. ნათია12 March 2022 at 07:33

    არაჩვეულებრივად ხსნით სინქრონიას და დიაქრონიას! ენათმეცნიერებას შევისწავლი და გარკვეული გაუგებრობა შემექმნა ამ ორი მეთოდის ერთმანეთისაგან გარჩევისას, თქვენ კი ძალიან დამეხმარეთ! გმადლობთ!

    ReplyDelete
  2. ამ სტაატიამ სინქრონიის და დიაქრონიის ერთმანეთისგან გარჩევაში დამეხმარა ,თან ხალიან . მადლობას გიხდით, რათა ამ სტატიის გარეშე ფაქტიურად ნახევარ ლექციას ვერ გავიგებდი.

    ReplyDelete

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.