Friday, 8 March 2019

კონსტანტინე გამსახურდია - მოზაიკები - “ მაგიური შანდლები”



ლეგენდა გვიამბობს: როცა წმ.მამა ქრისტიან როზენკროიცი გარდაიცვალა, მისმა მიმდევრებმა მისი უხრწნელი სხეული საპატიო სამოსით შეჰმოსეს და თავიანთი ორდენის სახლის ქვეშ დაასაფლავეს, ხოლო მის საფლავზე დაანთეს მაგიური შანდლები, რომლებიც მომავალ თაობათა და საუკუნეთათვის გზა უნდა გაენათებინად სამარადისოდ.
ასე ანათებდნენ მაგიური შანდლები, ვიდრე ერთმა მისმა მიმდევართაგანმა უცაბედის ფეხის წაკვრით არ გადააგდო ერთი შანდალი საფლავის ლოდიდან. მე მგონია ადამიანის ფანტაზიასაც ისე მოექცნენ ევროპაში ან ორიოდე საუკუნის წინათ, როგორც წმ. მამის ქრისტიან როზენკროიცის ცხედარს - მისი მოწაფენი.
იგი დაასაფლავეს და მის საფლავზე აღმართეს რომანტიზმისა და კრიტიციზმის ანთებული შანდლები. რომანტიზმის შანდალი უცაბედის ფეხის წაკვრით გადააგდო ვიღაცამ ევროპაში, დარჩა შანდალი კრიტიკული სულისა, მისმა შუქფენამ დაჰფარა ყოველივე;ერთის თვალმოკვრით ადამიანს ეგონება, რომ ჩვენს სულში აღარ დარჩენილა არც ერთი ბნელი კუნჭული, რომელიც გონების რენდგენის სხივებს არ გაენათებინოს. ამ კრიტიკულმა სულმა გაკოტრებულად გამოაცხადა ყოველივე მისტიკა და ყოველივე შესაძლებელი მეტაფიზიკა. Miser re ma philosophies (ფილოსოფიის სიღატაკე) იყო ამ კრიტიკული საუკუნის პაროლი. კრიტიკულმა სულმა ააფეთქა სახელმწიფო, კრიტიკულმა სულმა დაანგრია ოჯახის ტრადიციები. ეს რევოლუცია და ამბოხი, რომელიც ფილოსოფიაში დაიწყო, ქარიან ღამეს გაჩენილ ცეცხლივით მოედო ქარხანას, ქუჩას, ოჯახსა და სახელმწიფოს.
საქმე იქამდის მივიდა, რომ ადამიანის სულის სუბსტანციურ არსების ხელშეხება მოინდომეს და ის იყო რომ ექსპერიმენტალურ პსიხოლოგიის აუდიტორიებში ისეთივე ექსპერიმენტები მოუნდომეს იმ სულს, რომლის პირითაც ასე მჭერმეტყველურად, ასე ამაყად ამბობდა ნეტარი აუგუსტინე: Caelum et terram ego impleo (ცასა და მიწას აღვავსებ მე) როგორსაც ახდენდა პასტერი კურდღლის ბაჭიებზე. ფანტაზიის დედოფლობის ეპოქას ეკუთცნოდნენ უმშვენიერესი და უძვირფასესი ფურცლები ადამიანობის ისტორიისა, გოტიკა, როკოკო, ბაროკო, რენესანსი და რომანტიზმი. ჩვენ დღეს კრიზისს განვიცდით, როგორც საქართველოს, ისე მსოფლიოს მოქალაქენი. ჩვენი საუკუნის ახალ თაობას, რა გინდა რაგინდ მრავალფეროვანიც არ უნდა იყოს იგი თავისი ინდივიდუალური სულიერი სტრუქტურით და ნაშენობით, ერთი რამ აერთებს, - ეს არის უარყოფა ჩვენი თანამედროვეობისა. სადაც სულით გლახაკნი თავს იყრიან, იქ არის კიბე უფლის სასუფევლისკენ აღმართული. ის, რაც ჩვენ თაობას აერთებს, ეს არის პროტესტი გადაჭარბებული ინტელექტუალიზმის წინააღმდეგ მიმართული. ჩვენ თუმცა მოწყვეტილნი ვიყავით უკანასკნელი წლი განმავლობაში ევროპისგან, მაგრამ იდეები ხშირად ჰაერის ტალღას მიმოჰყვებიან, ამიტომაც ჩვენი უახლესი ლიტერატურის ტვრიტა დასუნთქულია ამ ზოგად ევროპული სულიერი განწყობილებით. ეს პროტესტი მიმართულია იმ საშინელი ამერიკანიზმის, იმ კოლოსალური მექანიზაციის წინააღმდეგ, რომელმაც ასე გაიტაცა ჩვენი საუკუნე. პოლიტიკურად ეს ამერიკანიზაცია საგრძნობელი გახდა ევროპაში მას შემდეგ, რაც ამერიკელი იანკები თავიანთ ტანკებით მოედნენ ფლანდრიის და შამპანიის მიდამოებს, გაუგონარი ამბავი: რომ ფერადი ხალხები მოსულიყვნენ ევროპის შინაურ საქმეში ჩასარევად.
მაშინებს იდეები დაჰყვება თან, რადგანაც მაშინა ისეთივე სიმბოლური გამოხატულებაა სულობისა, როგორიც ფრესკები, სურათები, ქანდაკებანი.
ამ ამერიკანიზმს ახასიათებს წრეგადასული ბატონობა რაციონალიზმისა და უსასოო სეპტიციზმი, ნიშანდობლივითვისება ყოველივე დეგენერაციისა და სულიერი დეგრადაციის. ადამიანობა მეოცე საუკუნეში ველურული პსიხოზითაა შეპყრობილი. ამ უსაშველოდ მოფუსფუსე ეპოქას ახასიათებს გადაჭარბებული მნიშვნელობის მირწყვა მატერიალურ ფაქტორებისადმი, თითქოს არ წერილ იყოს, რომ სიცარიელე გადანთქავს სამყაროებს და ისევე ცარიელი დარჩება ბოლოს.
ამ უსაშველო პროგრესული მექანიზაციის სული არა ერთსა და ორ სულიერ ჰეროლდს გამოუწვევია ხმალში და მათ შორის უდიდესის, ფრიდრიჰ ნიტცშეს გმირული ცხოვრება ამ ინტელექტუალური დუელის მსხვერპლი გახდა. ნიტცშე, ამ მხრით, სრული ანტიპოდია კარლ მარქსისა.
ჭეშმარიტად იმ დღიდან უნდა ითვლიდეს ჩვენი პროტესტანტი ახალი თაობა თავის არსებობის ანალებს, რაც ნიტცშემ თავის ტრაგედიის წარმოშობაში ეგზომ გულწრფელი პათოსით წამოიძახა:
„უნდა ემღერა ამ ახალ სულს, - არ კი მოეთხრო“. ეს ახალი ირაციონალიზმი ჩვენს საუკუნეში, ჩვენშიაც პარალელურად მიჰყვება ნელის ტემპოთი მომავალ ინდუსტრიალიზაციის, როგორც ევროპული პესიმიზმი გასული საუკუნის ორმოცდაათიან და სამოციან წლებში.
ჯერ კიდევ 1870 წ. წერდა ფრიდრიხ ნიტცშე: უახლოესი მომავლის კულტურულ მდგომარეობას მე დიდის გულისწუხილით შევჰყურებო.
ჩვენმა საკუნემ უარჰყო ყოველივე რელიგია, ვითარცა ფაქტორი და სათავე კულტურისა და მის სანაცვლოდ გაამეფა პრაქტიკული რელიგია სოციალიზმისა.
ყოველ ეპოქას, ყოველ საუკუნეს და თაობას თავისი ცოდვათა მომნანიებელი ჰყავს, ჩვენც ხშირად გვესმის დღეს თანამედროვეთა საყვედური, რომ ჩვენს დროს ისეთი დიდი მუსიკოსები აღარ ჰყავს, როგორც იყვნენ რიჰარდ ვაგნერი და სებასტიან ბხი, არც დიდი სტილის ფილოსოფია, არც დიდი სტილის ხელოვნება. ჩვენი ეპოქის პოეტები პროტოკოლისტები არიან, მისი მემუსიკენი - მთარგმნელები, მისი მოაზროვნენი - უნაყოფო ფელეტონისტები, მისი ხელოვანნი - კაბარეს მოშაირენი და ჭლექიანი ბოჰემელები.
ამიტომაც ეშინია ჩვენ დროს თავის სახის სარკისა. შეგნება უსრულობისა უკმაყოფილების პირველი წყაროა! ახალი სული გრძნობს, რომ მატერიალური ფაქტორი წარმავლობის მტვერია მხოლოდ, აკი გვარწმუნებდა კარლა ლ, რომ მთელი ლონდონსიტის სიმდიდრე ერთ საცოდავ ფეხსაცმელების მწმენდელს ვერ გაამდიდრებსო.
ადამიანს სწყურია ახალი რწმენა და ახალი ღირებულებანი.
გადაჭარბებულმა რაციონალიზმმა და ინდუსტრიამ თვით ჩვენი ცხოვრების უძლიერესი სტიქია გამოხატულება-მუშაობა, უმიზნო იდიოტურ ხელების ქნევად აქცია, მუშაობას დაუკარგა სიხარული და სიხალისე იმისადმი, რასაც ადამიანის ხელი ჰქმნის და აკეთებს და ის მაშინები, რომელნიც განთავისუფლებული ადამიანობის მაგივრად უნდა შეებათ ჩვენი ცხოვრების უღელში, თვით ადამიანის ბორკილი და უღელი გახდნენ.
ჩვენი საუკუნე უკვე კარგად ჰხედავს, რომ არც მატერიაში, არც ჩვენი დროის კოლოსალურ მანქანებში, არც თანამედროვე მსოფლიო კაპიტალიზმში და არც მის სულის ჩამდგმელ მატერიალისტურ-პრაქტიკულ რელიგიაში ხსნა აღარ არის.
უკუვიქცეთ ღვთაებრივ გულუბრყვილობისაკენ, უკუ ვიქცეთ იმ უცნობ ღმერთისაკენ, რომელიც იეჭვნეულის ღიმილით გვიცინის ჩვენ ჩვენი სულის სიღრმეში.
გაისმის ხმა, მაგრამ საკითხი ისმება - იმას, ვისაც საუკუნის ბოროტი გენიის - სკეპტიციზმის ბაგისშეხება ერთხელაც მოჰკარებია, სათნოება და ღვთაება თუ შეივრდომებს. საკითხავია: გამოვდგებით აწინ ჩვენ ღვთისმოსავთა დ სულით სპეტაკთა შორის რომ დავდგეთ და გავიმეოროთ:
არის ნიშნები, რომ ჩვენი თანამედროვეობა დაიწყებს ამ სპირიუალურ ანაბაზისს! (უკუქცევას)
მეტაფიზიკური შანდალი ფანტაზიისა უნდა ავანთოთ ისევე, რომ გზა გაუნათოთ ჩვენს წინ მომავალ თაობებს. ასე მესმის მე ჩვენი თაობის ვალმოხდა და ამოცანა.

No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.