Friday, 8 March 2019

კონსტანტინე გამსახურდია - “გაორებული საქართველო”



არა მარტო დღევანდელი სოციალურ-პოლიტიკური ყოფა, ჩვენი ისტორიული ცხოვრებაც მუდამ ცენტრიდან მსრბოლელ უპროპორციო ძალებისაგან იყო გათიშული. თუ ერთი ნაწილი ქართველობისა მაშენებლების, ერის საძირკვლის როლსა ჰკისრულობდა, მეორე მისივე "ხორცი ხორცთაგანი და ძვალი ძვალთაგანი", საქართველოს მეორე სნეული ნახევარი, მუდამ რღვევის პროცესს უპირდაპირებდა ერის მაშენებელთა ლტოლვასა და საქმიანობას. უბადლო მაგალითები ახსოვს ჩვენს მატიანეს ამ გაორების, ერის ენერგიის გათიშვის ისტორიიდან. აბა, მიბრძანეთ სად, რომელ ერის ისტორიაში იპოვით იმდენ მოღალატეთ, თავისივე მშობელ ერის ინტერესების ფეხქვეშ გამთელველთ, როგორც - ჩვენსაში? ასეთი ისტორიული მტრები ქართველებისა ისევ ქართველები გახლდათ ოსმალებსა და სპარსელების დამსჯელ ექსპედიციებს წინ რომ უძღოდნენ. მარტო გიორგი სააკაძის პიროვნება რათა ღირს ამ დებულების საილუსტრაციოდ.


კერძო ადამიანის, თუ ერის არსებაში ყველაზე ხმამაღლა სისხლი მეტყველებს. ეს ისტორიული სენი თანამედროვე ქართველებისაც უანდერძა ძველი ქართველების ერთმა ნაწილმა. სად, რომელ ქვეყანაში გსმენიათ, რომ ამა თუ იმ ერის ერთი ნაწილი ისტერიულად გაჰკიოდეს: "თავისუფლება არ გვინდა?" ასეთ შემთხვევას მხოლოდ ჩვენში აქვს ადგილი. 1916 წლის 8 ივლისს ახ.სტ. ქალაქ ლოზანაში III ერთა სამშვიდობო კონფერენცია იყო. ამ კონფერენციას დაესწრო თითქმის ყველა ევროპიელ და აზიელ ერების წარმომადგენელნი: ფრანგები, გერმანელები, იტალიელები, ბელგიელები, შვეიცარიის ფრანგულ და გერმანულ კანტონების წარმომადგენელნი, ლატიშები, პოლონელები, ესტონელები, ფინლანდიელები, აზიიდან: ოსმალები, კავკასიის თათრები, ჩერქეზები, არაბები და სხვა. , მთელი ერის წარმომადგენელნი ერთხმად ღაღადებდნენ თავიანთ ეროვნულ წყლულების განკურნებაზე, ყველას აქ წარმოედგინა თავისი საჩივარი. ყოველი ერის წარმომადგენლები სოლიდარულად გამოვიდნენ და წარუდგინეს თავიანთი მოთხოვნილებანი ინტერნაციონალურ სამსჯავროს. ჩვენ ქართველებიც ვედავებოდით ძველი რუსეთის მთავრობას ჩვენი უფლების შელახვას. ჩვენი თანამემამულის მ. წერეთლის დასაბუთებულსა და დიდის ნიჭითა და უნარით დაწერილ დეკლარაციას თითქმის ყოველი ერის წარმომადგენელი აღფრთოვანებული ტაშით მიეგება. თვით ეგვიპტიდან მოსულ ფერადკანიან ერების წარმომადგენელთაც შეისმინეს უფლებააყრილ, უმართებულოდ შეურაცხყოფილ ერის საჩივარი და ტკივილი.თამამად შეიძლება ითქვას ვერც ერთ ერის წარმომადგენელს ვერ იპოვიდით აქ, ამ მრავალრიცხვოვან კონგრესზე, რომ ჩვენი სამართლიანი უფლებების აღიარებისა და ჩვენი შელახული ეროვნული თავმოყვარეობის დაკმაყოფილების წინააღმდეგ ჰქონოდა რამე. მხოლოდ კონგრესის დარბაზის კარებთან ატუზულ, ლოზანელ და ჟენეველ რუსის საკონსულოს ჯაშუშებსა და აგენტებს ეტყობოდათ სახეზე უკმაყოფილება, რომ ამ ინტერნაციონალურ სამჯავროში ქართველების საპროტესტო ხმაც გაისმა. ხსენებულ ვაჟბატონებს იქ არავითარი მანდატი არ ჰქონიათ და ვერც ვერას უპასუხებდნენ მ.წერეთელს. მაგრამ დახეთ რუსეთის სოციალდემოკრატიის სახელით გამოვიდა ერთი ქართველი ემიგრანტი და უსაფუძვლო რეპლიკით და "არა მკითხე" ჩაჩრით დისონანსი შეიტანა. გამოვიდა ისევ ქართველი ქართველის წინააღმდეგ, ისევე ქართველმა მოინდომა ბაგეზე ხელი მიეფარებია მისთვის, ვინც ქართველი ერის აბუჩად აგდებასა და მის უფლებათა უზურპაციას უყიჟინებდა რუსის ძველ მთავრობას. იმ კვირას თითქმის ყველა გერმანულ, ფრანგულ და შვეიცარიულ გაზეთებში აღინიშნა ეს გარემოება. როგორც "ლოკალ ანცაიგერ და ბერლინელ ტაგებლატი", ისე ჟურნალ "დეჟენევ" ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მხოლოდ ქართველების წარმომადგენელთ მოუვიდათ უთანხმოებაო. ეგებ გგონიათ მკითხველო ამ კონფერენციაზე დამსწრე სხვა ერის წარმომადგენელნი ყველა ერთ პარტიას ან მიმართულებას ეკუთვნოდნენ? სრულიადაც არა. აქ ფრანგების, შვეიცარიელების და პოლონელების მხრით მოსულიყვნენ როგორც უკიდურესი მემარცხენე სოციალისტები, ისე ზომიერნი, რადიკალები და სხვ. მაგრამ ვიმეორებ, არც ერთი ერის წარმომაგენელი არ სცემია ყელში თავისივე მოძმეს. ყოველ მათგანს შეგნებული ჰქონდა, რომ საერთო, ეროვნულს აქ კერძო პარტიული ანგარიში და დიფერენციაციები უნდა ჩაენთქა, დაეჩრდილა. დღეს როცა ყოველ ჩაგრულ ერსა სურს, რუსეთის რევოლუციონურ მთავრობისაგან მიიღოს ის, რაც ძველ მთავრობას უნდა მიეცა ან ძალით წაუგლეჯია, როცა ისეთი ერებიც კი გასაოცარ პოლიტიკურ ტაქტსა და შორს-გამჭვრეტელობას იჩენენ, რომელნიც აგერ გუშინ ჩვენ თვალწინ გამოვიდნენ მოქალაქეობრივ ცხოვრების სარბიელზე, ჩვენ ქართველები ვერ მოვრიგებულვართ, ვერ შევთანხმებულვართ იმ ანბანურ ჭეშმარიტების შესაგნებლად, რომ ქართველ ერსაც თავისი ეროვნული უფლებები მოეძევა, რომ ქართველობასაც უცილო უფლება აქვს იმ მიწის ნაჭერი შეინარჩუნოს ამ გარეშეუწერელ დედამიწის ზურგზე, რომლის ყოველი ფეხის ნატერფალი სისხლითა და ოფლით შეუნარჩუნებიათ ჩვენ წინაპართა. ამის მიზეზი თვით ქართველობის გაორებული ბუნება და მისი მონობის მიერ შერყვნილი გადაგვარებული ფსიქიკა გახლავთ. დღეს მსოფლიო ერთა ცხოვრების მოედანზე მხოლოდ ის-ღა გაიტანს ლელოს, ვინც თქმის უფლების დაცვაში მეტ ძალასა და უნარს გაიღებს ერის სასიცოცხლო ენერგიიდან. ამ შეუდარებელ ჭიდილიდან ქართველობას რომ რამე ერგოს, სწორედ ამისათვის გვმართებს ეროვნული ძალების მჭიდრო კონცენტრაცია, მოვალეობა მომავალ თაობათა წინაშე მოითხოვს ჩემგან, რომ გაორებული საქართველო უნდა გაერთიანდეს. ისე ერის არსებობის ჭირნახული ფუჭი და მომცდარი იქნების, თუ ყოველი ჩვენგანი მარჭვალად არ გამოადგა იმ ჯაჭვს, რომლის თითო-თითო გაწყვეტილ რგოლს-ღა წარმოადგენს დღევანდელი ქართველობა.
ცსსა:გაზ. "სახალხო ფურცელი", #838, 11 აპრილი, 1917 წ.

No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.