Sunday, 14 April 2019

ამონარიდები სტენოგრამიდან - სრულიად საქართველოს მწერალთა პირველი ყრილობისა 1926წ. თებერვალი.




...ჩვენ არ შეგვეძლო გუგრილად გვეცქირა, თუ როგორ იჩაგრებოდა ქართული ენა და ზოგან დღესაც იჩაგრება
და უნდა გითხრათ სიმართლე, რომ ჩვენ ვერც ამას შევხვდებით გულდამშვიდებით, რომ სამურზაყანოში მეგრელ ბავშვებს ქართულად არ ასწავლიდნენ და ამ საქმეში ვერც ვერავის მოვერიდებით...

ჩვენ არ შეგვიძლია ვილაპარაკოთ როგორც რეგრესისტებმა - ნუ მოდისო სხვა კულტურა, მაგრამ რუსული კულტურის ზეგავლენასთან ბრძოლიდან ჩვენი კულტურა დამარცხებული გამოვა თუ ქართული ხელისუფლება პროტექციონიზმს თუ არა, დიდს დახმარებას არ გაუწევს ქართულ მწერლობას.




დღევანდელი ქართული წიგნის მდგომარეობის გამოსარკვევად საკმარისია გადავავლოთ თვალი წიგნის მაღაზიებს რუსთაველის პროსპექტზე;
ქართული წიგნები უპატრონო ბავშვებივით შეყუჟული არიან ვიტრინის ერთ კუთხეში (ხმა ადგილიდან: თუ არ სწერთ რა გამოვსცეთ?)... 
... მთავრობა სცემს დეკრეტებს - ილაპარაკეთო ქართულ ენაზე. აქ დამნაშავეა ქართველი ინტელიგენციაც, ქართველი კაცი როგორც კულტურტრეგერი ძლიერ სუსტია;




უნდა ვიბრძოლოთ საქართველოში ქართული კულტურის ჰეგემონიისათვის; ეს არის ჩვენი პროგრამა მინიმუმი, ამის იქით ჩვენ არ მივდივართ, თუ საქართველოს ხელისუფლება გვეტყვის, რომ ეს არ შეიძლება, - ეს უმართებულო იქნება. მაგრამ იგი ამას ვერ იტყვის, რადგან საქართველოს მთავრობის ყოველ ბლანკს აწერია სიტყვა „საქართველო“.  საქართველოში პრიმარული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს ქართულ სიტყვას, ქართულ წიგნს...

...მე მივესალმები საქართველოს მწერალთა კავშირის ყრილობას და ვუსურვებდი, რომ ქართული კულტურის სიყვარულს გაემთლიანებინოს საქართველოს გარღვეული გული“.

მეოთხე სხდომა:
მე მინდა აქ პაქტიკული წინადადება შემოვიტანო.თქვენ მოგეხსენებათ,რომ  საქარტველოს უნივერსიტეტი დიდი ხანია ცდილობს, მაგრამ დღემდე ვერ მოუხერხებია ახალი ლიტერატური კათედრების შექმნა. მე ვიძლევი წინადადებას: გავხსნათ ამ სასახლეში უცხო ლიტერატურის ინსტიტუტი (ტიციან ტაბიძე: ეს, ბერლინის კურსები გდომებია). უკაცრავად, ენები თქვენ არ იცით და ბერლინის კურსები მგონია თქვენ გეჭირვებათ. რა ვუყოთ,რომ ბატონ ტიციანს ეს არ მოსწონს. მან უნდა იცოდეს, რომ საქმისთვის არ კმარა, რომ მარტო ქაღალდზე მოაწერო თავმჯდომარის ამხანაგის სახელი (სიცილი, ტაში, ხმაური).
მეხუთე სხდომა:
კონსტანტინე გამსახურდია
მე მინდა წინასწარ განვაცხადო, ვიდრე გედევანიშვილის სიტყვას შევეხებოდე, სულ ორიოდე სიტყვა. საერთოდ როცა ჩვენში ვინმეს აკრიტიკებ იგი კრიტიკას ღებულობს პირად შეურაცხყოფად. მე აქ ვილაპარაკე ხელოვნების სასახლის შესახებ და ამათ (უჩვენებს ყანწელებზე) ეწყინათ. მითხრეს ტონი არ მოგვეწონაო. მე ჯიბეში კამერტონს არ ვატარებ, როგორც საქმე მოითხოვს და ამ საზომით მივუდგები გედევანიშილის სიტყვასაც. გოეტემ სთქვა: მოქმედი ადამიანი ყოველთვის სცდებაო. ეს ასეა. მე ამ მოხსენებიდან ბევრი რამ გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი, რამაც მასიამოვნა კიდევაც. მაგრამ ამას არ გამოვუდგები და ვიტყვი მხოლოდ იმას, რაც უნდა გავაკეთოთ იმ დარგში. მე მაკვირვებს ხარჯი, რომელსაც ეწევა ჩვენი მთავრობა თეატრების, სანახაობის გულისათვის. იმ ღარიბ-ღატაკ სახელმწიფოში, სადაც მასწავლებელი იღებს რაღაც ორმოც მანეთს, ამდენი ფული იხარჯება თეატრებზე, როდესაც განათლების კომისარიატის ბიუჯეტი მხოლოდ რვა მილიონს უდრის - აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი სკოლა აქვს, რამდენი წიგნი აქვს მას გამოსაცემი - ის აქ თეატრებზე ამდენს ხარჯავს (ტაში). ამხანაგი სოსო ჩვენ აქ გვიამბობდა კოოპერატიული ბუღალტერიის ენით. მათ თურმე ბევრი გაუკეთებიათ. პირადად სოსოს შეიძლება ბევრი რამ გაეკეთებინოს. სოსოს იცნობს ჩვენი საზოგადოება როგორც ხელოვნების, ისე პატრიოტიზმის სფეროში (საერთო სიცილი), რას იცინით? მე ეს სასაცილოდ არ მომიხსენებია. მაგრამ მე მაკვირვებს, რომ აქ ბევრი პატივცემული, დამსახურებული მწერალი გამოვიდა კრიტიკით, მაგრამ ყველას მათ გამორჩათ ერთი რამ და მე მსურს ყველაზე უწინ ვილაპარაკო ამაზე. მე ვლაპარაკობ იმ დაწესებულებაზე, რომელშიაც მე ვერ დავდივარ, თუმცა მე არ ვარ დიდი მუსიკოსი, მაგრამ მუსიკა ძალიან მიყვარს, მიუხედავად ამისა, მაინც ვერ დავდივარ, იმიტომ რომ არ შემიძლია ასეთ სიმახინჯეს ვუყურო. საქართველოს გაღატაკებული ბიუჯეტით იდგმება აუარებელი ოპერები, რუსული ოპერები. ამ დროს ჩვენ გვყავს მუსიკალური კადრი. სხვა არა იყოს, ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსები. ამავე დროს საქართველო აკადემიური ოპერის თეატრში ჩვენ არ გვაქვს საშუალება წავიდეთ და მოვისმინოთ კარმენი ქართულად, რა უნდა კარმენის თარგმნას? სულ რამდენიმე კვირაში ან რამოდენიმე თვეში თუ გნებავთ... (ხმები - გადათარგმნილია გრიშაშვილისა ვასო აბაშიძემ ითამაშა კარმენი).
კ.გ. - მით უკეთესი.
თავმჯდომარე - გთხოვთ ნუ აწყვეტინებთ სიტყვას.
კ.გ.
თქვენ იტყვით აქ ეროვნული უმცირესობა არის და მათთვის საჭიროაო. მე არ ვამბობ, რომ მათ პირი აუხვიოთ, ყური აუხვიოთ. თუ ჩვენი მოქალაქენი არიან, თუ არსებობს აქ უცხოელების კოლონიები, არავინ არ უარყოფს მათ. რუსებს ექნებათ საშუალება რუსულად მოისმინონ, სომხებს სომხურად და სხვა. მაგრამ საქართველოში ქართველები ეროვნული უმცირესობის მდგომარეობაში რომ ჩააყენოთ, არც ეს ვარგა. ეს რომ მოიწონოს სახელოვნო საბჭომ, - არც ეს არის კარგი. თქვენ რომ სურვილი გქონდეთ, თქვენ შეგეძლოთ ისე, როგორც მოუარეთ რუსთაველის თეატრს, მოგევლოთ ოპერისათვის, რამდენიმე ხნის წინად, როესაც რუსთაველის თეატრი წაქცევის პირას იყო, ჩვენ მიგვიწვია განათლების კომისარმა სათათბიროდ. ჩვენ ვუთხარით: რუსთაველის თეატრის პირდაპირ რომ მცირე თეატრია, ის ცოტა რომ გადავაჩოჩოთ - აი, ეს უშველის საქართველოს. ცოტა იწყინეს, მაგრამ მოხდა სასწაული - ის თეატრი გაქრა და რუსთაველის თეატრი წელში გაიმართა. მე დავუბრუნდები ოპერის თეატრს. მე ვამბობ, რომ თუ კეთილი სურვილი იქნება თუ მთავრობა ამდენ ფულს ხარჯავს ამ დიდ საქმეზემ უსათუოდ შესაძლებელია ამ თეატრის ნაციონალიზირება. მე თქვენ გარწმუნებთ - თუ ტფილისში ჩამოსული გლეხი, ფშავი ან ხევსური მოისმენს კარგ იტალიურ ოპერას (გლეხიც არის და გლეხიც), ის ძალიან ნასიამოვნები დარჩება. თუ თქვენ ამბობთ: ტფილისში ეროვნული უცმრიესობანი არიან, ჩვენ სამი მილიონი ხალხი ვართ ქართველები, რომელთაც მუდმივი და ყოველგვარი კავშირი აქვს ტფილისთან, რატომ სთვლით თქვენ მათ ეროვნულ უმცირესობად?
ეს რაც შეეხება ოპერას.
ეხლა შევეხები აკადემიურ დრამას. უსათუოდ აკადემიურ დრამაში დიდი წარმატებაც არის. ის ახალგაზრდა დასი, რომელიც თავის თავს „დურუჯს“ უწოდებს, რომლის პირველი მეტიჩრული გამოსვლა არმოვიწონეთ პრესში, იმ დასში, მიუხედავად ამისა არიან ფრიად ნიჭიერი მსახიობები, რომელთა გამო თეატრს წარმატება ემჩნევა, მაგრამ ამ თეატრს აკლია ერთი რამ, თქვენ დამიჯერეთ, მწერლები ბრძანდებით - ყოვლად შეუძლებელია თეატრის არსებობა, თუ ის ნამდვილ ორიგინალურ პოეზიის ჰიპნოზის ქვეშ არ არის. დღევანდელ საქართველოში თარგმნის მანია მეფობს, რუსეთშიც ლიტერატურა მოისპო, დარჩა თარგმანი, ასევე ხდება ჩვენს თეატრში. კოტე მარჯანიშვილს მე პატივს ვცემ, მაგრამ ერთი მაინც უნდა ვსთქვა: მარჯანიშვილი მეტად ჯიუტი კაცია, მას ჰგონია თუ საქართველოში არის პროლეტარიატის დიქტატურა, თეატრში მარჯანშვილის დიქტატურა  უნდა იყოსო. ჩვენ მას უნდა ვუთხრათ, რომ არავის არ მივცემთ უფლებას ხელი წაკრას ქართულ მწერლობას.
მარჯანიშვილს სურს ქართული მწერლობის იგნორაცია. ეს ყოვლად დაუშვებელია.
თავმჯომარე ((გრ.რობაქიძე) უკაცრავად.
კ.გ. მე ვთხოვ თავმჯდომარეს - ნუ ღელავს, დამშვიდდეს.
თავმჯდომარე - თქვენ თვითონ ღელავთ.
კ.გ. - იმიტომ, რომ საქართველოში მრავალი ასაღელვებელი საქმე ხდება და ნაწილობრივ თქვენც მიგიძღვით ამაში ბრალი. მაშასადამე, დღეს საქართველოს მწერალთა ყრილობამ აკადემიურ დრამას უნდა უთხრას, რომ ამ თეატრის რეჟისურამ უნდა ისწავლოს ჭკუა, უნდა გაუგონოს ამ დარგში იმ ხელოვნებას, რომელსაც საქართველოში უდიდესი ტრადიცია აქვს და საკმარისი ავტორიტეტი, რომ საგასტროლოდ ჩამოსულმა რეჟისორებმა მათ გაუგონონ. მე ერთი წლის წინად დავწერე ორიოდე ფელეტონი, სადაც ავღნიშნე, რომ მარჯანიშვილს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ თეატრის მამა არის შექსპირი. მე მოვითხოვდი შექსპირის დადგმას, მაშინ განაცხადეს, რომ ეს მოძველებულია, დახავსებულია და სხვა, დღეს ვხედავ ისევე ჰამლეტი და მეფე ლირი იდგმება

მაშასადამე ძველ დრამატურგიაშიც ყოფილა ისეთი რამ, რასაც სიამოვნებით ვისმენთ ეხლაც, მაგრამ ქართველ მწერლობას არავინ უსმენს. იგი საქართველოში აბუჩადაა აგდებული და ამის მაგალითია ის, რომ რეჟისურა არავის არაფერს აღ ეკითხება. საქართველოში მწერალთა კავშირი არსებობს, ვგონებ სამიც. აბა დამისახელეთ, რომელ ერთს ჰკითხეთ. მაგრამ აქ არის ხალხი, რომელთაც ჰგონიათ, რომ პროლეტარიატის დიქტატურის დროს შეიძლება ყოველი კაცის დიქტატურა.
თავჯდომარე - თქვენი დრო გათავდა(ხმები - მიეცით, მიეცით). რამდენი წუთი?(ხმები - 10 წუთი) განაგრძეთ.
. გამსახურდია
ამხანაგებო, თუ გნებავთ მე სულ გავჩუმდები(ხმები - არა, არა, ჩვენ გისმენთ).
მაშასადამე არსებობს ქართული თეატრი, რომელასაც თუმცა აუარებელ ფულს ახარჯავენ, მაგრამ იგი ქართულ ნაწარმოებებს, ორიგინალურ ქართულ ნაწარმოებებს არ აქცევს ყურადღებას. ქართული თეატრი, ამხანაგებო, მუდამ ქართული მწერლობის მაღალი ტრიბუნა იყო. თქვენ თუ ამ მაღალ კათედრიდან, რომელსაც ქართულ თეატრს ეძახიან, ვერ გაიგონებთ ქართულ სიტყვას,- სწორედ ამის ბრალია, რომ რუსთაველში, მეორე მოქმედებაზე, ცარიელ სკამებზე უშვებენ ხალხს
მე არ ვლაპარაკობ იმ მიღწევებზე, რომლებიც ყურადღების და პატივისცემის ღირსია, მე მხოლოდ ნაკლზე გელაპარაკებით. ეს იმას არ ნიშნავს, რასაკვირველია, რომ ნაკლოვანება მომვარდა თვალში და დადებითი მხარეები არ შემინიშნავს. ამხანაგი სოსო აღმატებით ლაპარაკობს ერთ პიესაზე, რომლის ავტორს მე არ დავასახელებ. ეს მე არ მომწონს, როდესაც აქ ესთეტიურ ენაზე ლაპარაკობენ. თეატრი იმიტომ კი არ გვინდა, რომ იქ გროში მოვიგოთ, არამედ იმიტომ, რომ იქ ხალხი აღვზარდოთ
მე თქვენ გარწმუნებთ: არშიბ-მალ-ალანი რომ ყოველდღე დაედგათ - შეიძლება მუდამ გაჭედილი იყოს თეატრიგარდა ამისა, რა დიდი საქმე იქნებოდა, რომ ხელოვნების სამმართველოს მიექცია ოდნავი ყურადღება მაინც ჩვენში გასტროლიორობის სენზე.
თქვენ მოგეხსენებათ, რომ მათ ამოწურეს მთელი ქართველი საზოგადოების ბიუჯეტი. ჩამოდიან ვიღაც მიგაი, ბიგაიები, რა ვიცი ვინ? ეს ყოვლად დაუშვებელია.
ამ გასტროლიორების ჩამოსვლას კონტროლი ესაჭიროება. ამას გარდა მიგითითებთ ჩვენს კინოზე. ყველა თქვენგანი ნახავს ლენტებზე გადაღებულს ქართულ სინამდვილესერთის მხრით ჩვენ ამას, რასაკვირველია, ვესალმებით და საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ეს საქმე აღორძინდეს, მაგრამ ისეთი სურათები, რომელშიაც მთელი ქართველი ხალხი ისეა დასურათებული, თითქოს საქართველოში ხანჯლების ტრიალის მეტი არაფერი ხდებოდეს, მე მგონია ეს დაუშვებელია(ტაში).
კინოსთან ჩვენ არ უნდა მიუშვათ ის ხალხი, რომელსაც საქართველოსთან ძალიან მცირე კავშირი აქვთ. მიდიან, დავუშვად გურიაში და იქ იღებენ საეჭვო სურათებს და ეს სურათები იგზავნება ევროპაში და იქ ჩვენზე ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენ ყველა ყაჩაღები ვიყოთ(ხმა - თქვენ მოგიწვევთ რეჟისორად). მაშინ მე თქვენისთანა არტისტებს არ მოვიწვევდი, რასაკვირველია. წარმოიდგინეთ მთელი ორი წლის განმავლობაში "ზარია ვოსტოკა"- წინ აჩვენებენ სურათებს, რომლებზედაც რუსული წარწერაა. ვისთვის ან რისთვის არის ეს საჭირო, განა ქართული ასოები არ არის? საერთოდ - ყურადღება უნდა მიექცეს კინოს წარმოებას, ლენტზე ჯერ რუსულად უნდა წაიკითხო და მხოლოდ მერმე გაიგებ ქართულს. მე ვიჯექი და მივჩერებოდი ტუჩებზე - ვატყობდი, რომ ყველა ჯერ რუსულს კითხულობდა და მერე ქართულს. მე მოგახსენებთ, რომ ყოველივე ეს სრულიად დაუშვებელია. მართალია მე აქ ზოგიერთებს გული ვატკინე, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვაღიაროთ, რომ ლუარსაბ თათქარიძისეული მეურნეობა დღევანდელ საქართველოს კეთილდღეობამდე ვერ მიიყვანს (ტაში).




No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.