Thursday, 21 February 2019

ნუგზარ ანთელავა – ჩერქეზული კულტურა


საზოგადოებრივი თვითრეგულაციის ტრადიციული ინსტიტუტები.

ა. სტუმარმასპინძლობა, ყონაღობა და პატრონატი.
შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ისტორიული ხასიათის ლიტერატურაში ჩერქეზული ფეოდალური საზოგადოების სისტემური სოციალური კავშირების უზრუნველმყოფ ინსტიტუციათა შორის ყველაზე ვრცლად და მრავალმხრივად სტუმარმასპინძლობის ტრადიციის საკითხებია განხილული. ეს გასაგებია, რამდენადაც ჩერქეზისათვის
სტუმარი ღვთის კაცად ითვლებოდა („სტუმარი ღვთის დესპანია“ – გვამცნობს ადიღური ანდაზა) და ამდენად, სტუმარმასპინძლობის საწესჩვეულებო პრაქტიკა საკრალურ ურთიერთობათა თვალსაჩინო სურათს ავლენდა. „ჩვენთვის ნებისმიერი მგზავრი, რომელმაც ქოხის ზღურბლს გადმოაბიჯა, წმინდა პერსონაა“. – წერდა შ.ნოღმოვი (რედ. ნოღმა). ნიშანდობლივია XVIII ს-ის დასაწყისში აბრი დე ლა მოტრეს ერთი შენიშვნა: „სტუმარმასპინძლობა – მათი რელიგიის ყველაზე გამორჩეული ნაწილია“.
იყო რა ჩერქეზთა სოციონორმატიული კულტურის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, სტუმარმასპინძლობა, სხვა საზოგადოებრივ ინსტიტუტებთან (ყონაღობა, პატრონატი) ურთიერთმოქმედებით, მრავალგვარ ფუნქციას (კლასთაშორისი, სავაჭრო-სამეურნეო, პოლიტიკური, საერთაშორისო რეგულაციები) ასრულებდა. მისი ნორმების საკრალიზაცია ამ ინსტიტუტის ფუნქციონირებისა და შესაბამისად, მის მიერ რეგულირებადი ურთიერთობების სტაბილურობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა.
სტუმარმასპინძლობის ობიექტებისა და სუბიექტების უფლება-მოვალეობანი ორ მორალურ იმპერატივს ეფუძნებოდა: ა. ვრცელდებოდა ნებისმიერ ადამიანზე, თვით დამნაშავესა და მოსისხლეზეც კი. ბ. მასპინძელს სტუმრის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ყველა ზომა უნდა მიეღო, საამისოდ თავიც რომ გაეწირა. ამ პოლუსებს შორის ტრადიციული სტუმარ-მასპინძლობა რეალურად ფუნქციონირებდა.
სტუმრის ასეთმა მაღალმა სტატუსმა განაპირობა ის გარემოება, რომ ჩერქეზულ საარმიდამო სტრუქტურაში სასტუმრო სახლს („ჰაჭეში“), რომელსაც მასპინძელი ნაცნობ თუ უცნობ მოსულს სთავაზობდა, განსაუთრებული ადგილი ეკავა. როგორც სათანადო ადგილზე ითქვა, ეს იყო ოჯახის საცხოვრებელი სახლის პირდაპირ მდგარი ლელქაშით გადახურული ერთკამერიანი ნაგებობა, რომლის წნულ კედლებს თიხით ლესავდნენ. სასტუმრო ეზოს კუთხეშ იდგა წნულკედლებიანი საპირფარეშო. ეზოში, ჭიშკართან ახლოს, მოწყობილი იყო ცხენის მისაბმელი. თავადთა სასტუმროს ცხენის ორი მისაბმელი ჰქონდა: ერთი ეზოს სიღრმეში – ირმის რქისა, საპატიო სტუმრებისათვის (თავადების, პირველხარისხოვანი აზნაურების – თლექოთლეშების, დიჟონოღოებისა და უცხოელებისათვის) და მეორე, ჭიშკართან ახლოს – ჩვეულებრივ აზნაურთა და მდაბიოთათვის.
სასტუმროს ინტერიერი ძალზე უბრალო იყო: დგა საწოლი ქვეშაგებით, რმელსაც ქეჩის საბანი ეფარა, და სკამები; კედელზე მუსიკალური ინსტრუმენტები და ე.წ. „ნამაზლიყი“ (მცირე ზომის სალოცავი ხალიჩა ან ჭილოფი) ეკიდა, საწოლქვეშ დაფენილი იყო ნადირის ტყავი, რათა სტუმარი შიშველი ფეხით მიწურ იატაკს არ შეხებოდა. იქვე იდგა ტაშტი და წყლით სავსე ჭურჭელი. მდიდრულად განწყობილ სასტუმროს კედლებს ხალიჩები და დეკორატიული ჭილფები ამშვენებდა.
ეზოში შემოსული მგზავრი გაივლ-გამოივლიდა და, დარწმუნებული იმაში, რომ იგი შეამჩნიეს, სასტუმრო სახლში შევიდოდა. სასტუმროში მხოლოდ მამრობითი სქესის ადამიანები ჩერდებოდნენ და ამიტომ მათ ოჯახის მამაკაცები ეგებებოდნენ. თუკი სტუმრის მოსვლისთვის მამაკაცთაგან  შინ არავი იმყოფებოდა, დიასახლისი მასთან შესახვედრად მეზობელს მოუხმობდა.
„ჩერქეზეთში შიმშილით, წყურვილითა და დაღლილობით გატანჯული მგზავრი ყველგან პოულობს სტუმართმოყვარე  ჭერს, – წერდა ხან გირეი, – მასპინძელი გულთბილად ხვდებაყველას, უცნობსაც კი და ყოველმხრივ ცდილობს მის გამასპინძლებას ისე, რმ არც ეკითხება ვინ არის, საიდან მოდის ან საით მიემგზავრება“. ს.ბრონევსკი აღნიშნავდა, რომ „ოჯახში შესული პირი სტუმრის ყველა უფლებას იძენს, ანუ მასპინძლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ექცევა, ვიდრე ეზოდან არ გავა. ამასთან, იგულისხმება სტუმრის დაპურების, დასვენებისა და უსაფრთხო ადგილამდე მისი გაცილების ვალდებულება. სტუმრის მისვლა მთელი ოჯახისთვის სასიამოვნო მოვლენაა“. ხან-გირეის ცნობით, სტუმრის დაცვის ვალდებულება გულისხმობს შემდეგს: „თუ იგი ვინმემ შეურაცხყო ან გაქურდა, საქმეში იმწამსვე მასპინძელი ერთვება. სტუმრის განაწყენება ოჯახის განაწყენებად ითვლება და მასპინძელი ვალდებულია, სიცოცხლეც კი გაწიროს საიმისოდ, რომ სტუმრისა და მისი ღირსების შემლახველს სათანადო პასუხი გასცეს. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი გვარის ღირსება ილახება“. ტ.ლაპინსკი ამ დახასიათებას მნიშვნელოვანი დეტალით ავსებს: „ადიღის საცხოვრებელი ხელშეუხებელი თავშესაფარია. ყოველი პირი, ვინც მის ზღურბლს გადააბიჯებს, მასპინძლის მფარველობის ობიექტი ხდება, პირადი მტერიც რომ იყოს“. თუკი სტუმარი გვარის მოსისხლე გამოდგებოდა, ვიდრე იგი ჰაჭეშში იმყოფებოდა, პატივისცემით სარგებლობდა და ხელს არავინ ახლებდა, მაგრამ როგორც კი სასტუმროს დატოვებდა, მის მიმართ სისხლის აღების ჩვეულება ამოქმედდებოდა.
ჩერქეზები სტუმარს სამ კატეგორიად ყოფდნენ: „სასტუმროს სტუმრებად“, „სახლის სტუმრებად“ და „სტუმარ-მთხოვნელებად“. სასტუმროს სტუმრები, როგორც ითქვა, მხოლოდ მამაკაცები იყვნენ. უცნობებს, თუ ისინი თავად არ იტყოდნენ, არ ეკითხებოდნენ საიდან და რისთვის მოვიდნენ. როდის წავიდოდნენ ან გზა საით ედოთ. თუკი სტუმარი მიანიშნებდა, რომ საჭმლისა და ძილის გარდა არაფერს საჭირებდა, მასთან სასაუბროდ არავის მოიწვევდნენ, რომ არაფერი ვთქვათ ახალგაზრდების მოხმობაზე, რომელთაც სტუმრის გართობა ცეკვა-სიმღერით, თამაშებით და სხვა რამით შეეძლოთ. სასტუმრო სახლის ასეთი იდუმალი ბინადრისთვის კარის მარჯვენა მხარეს, წირთხლზე მათრახის ჩამოსაკიდებლად მანჯვალს არჭობდნენ. თუ სტუმარი მათრახს ტარით გასასვლელისკენ დაკიდებდა, მასპინძელისთვის იმის ნიშანი იყო, რომ სამ დღეზე მეტხანს დარჩებოდა. რაოდენ ხელმოკლეც არ უნდა ყოფილიყო ოჯახი, საღამო ჟამს სტუმრისთვის ე.წ. „ძილისწინა საჭმელი“ მაინც უნდა მიერთმია. ვახშამში შედიოდა მშრალი საკვები და ტკბილეული, რომელთა წაღება, მასპინძლის გაფრთხილების გარეშე წასვლის შემთხვევაში, სტუმარს საგზლადაც შეეძლო.
შორი გზიდან მოსულს ჩერეზები უფრო ძვირფას სტუმრად თვლიდნენ და მეტი პატივით ეპყრობოდნენ. წმენდნენ მის ტანსაცმელსა და ფეხსამოსს, ყურადღებას არ აკლებდნენ ცხენს და ა.შ. წარსულში სტუმრის პატვისაცემად კვიცს ან ორ-სამწლიან მოზვერს კლავდნენ და ჩერქეზული ტრადიციული კერძების მთელი ასორტიმენტით უმასპინძლდებოდნენ.
მიუხედავად ზემოთქმულისა, ადიღები ამბობდნენ: „პირველი სამი დღე სტუმარი ოქროა, მეორე სამი დღე – ვერცხლი, შემდეგ კი – „არშჩავა“ (სპილენძისა და კალის იაფფასიანი შენადნობი).
არანაკლები პატივისცემით სარგებლობდნენ „სახლის სტუმრები“, რომლებიც ნათესავები, მოყვრები და ოჯახის ახლობლები იყვნენ. აქვე უნდა ითქვას, რომ, არამცთუ იშვიათად, ოჯახის უფროსი, ნიშნად დიდი პატივისცემისა „სასტუმროს სტუმარს“ „სახლის სტუმრად“ გახდომას სთხოვდა. სტუმარი ასეთ წინადადებაზე უარს არასოდეს ამბობდა, მაგრამ თუ მას თანამგზავრები ახლდა, ეს უკანასკნელნი სასტუმროში რჩებოდნენ. სტუმართა მრავალრიცხოვნობის შემთხვევაში მათ მეზბლებისა და სხვა თანასოფლელების სასტუმროებში ანაწილებდნენ სტუმართა გამასპინძლებაზე პასუხისმგებლობასაც ისინი იღებდნენ. გავრცელებული იყო ისეთი ჩვეულებაც, როცა მეზობლის დიასახლისი რაიმე გემრიელ კერძს მასპინძელ ოჯახს მოუკითხავდა, ე.წ. „მეზობლის ულუფასთან“ ერთად, სტუმრის წილას მიაყოლებდა.
სტუმარი ქალი სასტუმროში არასოდეს შედიოდა. ქალი ყოველთვის „სახლის სტუმარი“ ხდებოდა იმისგან დამოუკიდებლად იყო თუ არა იგი მასპინძელი ოჯახის ნათესავი. უცხო ქალი-სტუმარი, რომელიც ჩერქეზეთში იშვიათობას წარმოადგენდა, შეიძლებოდა, მხოლოდ ქვრივი (ჩვილი შვილებითურთ) და ობოლი ყოფილიყო. ბუნებრივია, ისინი მფარველობასა და დახმარებას საჭიროებდნენ.
განსაკუთრებული ადამიანურობით გამოირჩეოდა ჩერქეზთა დამოკიდებულება ე.წ. „სტუმარ-მთხოვნელთა“ მიმართ. სტიქიური უბედურებით, ხანძრით თუ საქონლის გაწყვეტით დაზარალებული პირი, ძლივს შეკოწიწებული სასმელ-საჭმლით ან ხელცარიელი, ნაცნობ ოჯახს ან რომელიმე სოფლის ნებისმიერ მოსახლეს მიადგებოდა და მის სასტუმროში დაიდებდა ბინას. ასეთი სტუმრის მიღებაზე უარს ვერც ერთი ჩერქეზი ვერ იტყოდა. „სტუმარ-მთხოვნელის“ მოსვლის თაობაზე მასპინძელი თანასოფლელებს დააუწყებდა და მისთვის დახმარების აღმოჩენას ითხოვდა. იმ შემთვევაში, როცა სტუმრის მიერ მოტანილი ძღვენი მცირედი იყო, მასპინძელი სასმელსა და კერძებს დაამატებდა, სუფრას გაშლიდა და მეზობლებს მოიწვევდა, რათა მათ უფრო დეტალურად გაეგოთ, რა სახის თანადგომა უნდა გაეწიათ დაზარალებულისათვის. ზოგჯერ ამ გზით შეგროვებული ფასეულობა გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მთხოვნელის ზარალის ოდენობა. თუ „სტუმარ-მთხოვნელი“ ყონაღი (ძმობილი) იყო, მის დასახმარებლად თარეშსაც კი აწყობდნენ, რათა წარმატებული ყაჩაღობით მოპოვებული ნადავლი მთლიანად დაზარალებულისათვის დაეთმოთ. ამასთან, ივარაუდებოდა, რომ სტუმარი, ადრე თუ გვიან, მასპინძლის გულუხვობას საკადრისად უპასუხებდა.
ამდენად, სტუმარმასპინძლობის ტრადიცია საჩუქარგაცვლით ურთიერთობასაც ეფუძნებოდა. დასაჩუქრების აქტი განამტკიცებდა სტუმარმასპინძლობის ნიადაგზე წარმოქმნილ დროებით ურთიერთობას, რომელიც შეიძლებოდა მუდმივ კავშირად ქცეულიყო. ამით კი ყონაღობაში მისი გადაზრდის საფუძველი იქმნებოდა.
როგორც ზემოთ აღინიშნა, მასპინძლის ვალდებულებათა მნიშვნელოვან ნაწილს სტუმრის უსაფრთხო ადგილამდე გაცილება, ანუ მისი მფარველობა შეადგენდა. ეს ჩვეულება სტუმარმასპინძლობის ფუნქციის რეალიზაციისთვის ყონაღობისა და პატრონატის ელემენტების შერწყმის ერთ-ერთი ფორმა იყო. ს.ბრონევსკი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ამ ჩვეულების წყალობით „ხალხები ერთმანეთს უახლოვდებიან, ან, ყოველ შემთხვევაში, ორმხრივი ურთიერთობის შესაძლებლობა მაინც არსებობს“.
ჩერქეზული ჩვეულებითი სამართლის თანახმად, სტუმარი მასპინძლის მფარველობით მხოლოდ მის ოჯახში ყოფნის პერიოდში სარგებლობდა, ტოვებდა რა მასპინძლის კარ-მიდამოს, იგი ქურდების, მკვლელების ან იმ პირების პოტენციური მსხვერპლი ხდებოდა, რომელთაც უცხო ადამიანის დამონება სურდათ. ვითარების ასეთი განვითარების თავიდან აცილების მიზნით, მისი უსაფრთხოებისთვის შედარებით ხანგრძლივი ურთერთობა ფორმდებოდა. ადიღებში ყონაღად ითვლებოდა მხოლოდ ის სტუმარი, რომელიც ოჯახის მასპინძლთან განსაკუთრებული მეგობრობით იყო დაკავშირებული. „თავიანთ ყონაღებს ისინი სახლშიც და სახლსგარეთად ერთგულობენ“. – წერდა XV ს-ის შუახანებში ჯ.ინტერიანო.
ტრადიციულ ფეოდალურ საზოგადოებაში ყონაღობა ჩერქეზული არისტოკრატიის პოლიტიკურ ურთიერთობას მეზობელი ეთნოპოლიტიკური წარმონაქმნების წარმომადგენლებთან საკმაოდ ეფექტურად ამყარებდა. შაფსუღი თავადაზნაურობის საზოგადოებრივი ფუნქციების დახასიათებისას, ხან-გირეი აღნიშნავდა, რომ არისტოკრატია უზრუნველყოფდა თავისი ქვეშევრდომების „სარგებლიან ურთიერთობას მეზობელ ტომებთან, რომლებთანაც მას ყოველთვის მეგობრული კავშირები ჰქონდა“. მმართველი ზედაფენის ყონაღური ურთიერთობების საერთაშორისო ასპექტი გენეტიკურად და ფუნქციონალურად სუბეთნიკური სოციუმის შიგნით მოქმედ მფარველობის (პატრონატის) ინსტიტუტთან იყო დაკავშირებული.
XVIII ს-ის საარქივო დოკუმენტებში „ყონაღი“ ტერმინით ყველაზე ხშირად აღინიშნებოდა ამა თუ იმ პატრონის მფარველობის ქვეშ მყოფი ადამიანი. „ჩერქეზებში – წერდა ხან გირეი, – სიტყვა „სტუმარი“, ფართო გაგებით, მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანს აღნიშნავს“. XVIII ს-ში და XIX ს-ის პირველ ნახევარში ჩერქეზეთში ჩამოსული ბევრი მოგზაური, გავლენიან პირთა მფარველობის წყალობით, თავს უსაფრთხოდ გრძნობდა.
„ჩერქეზეთის შესახებ ჩანაწერებში“ ხან-გირეის მიერ ტრადიციული პატრონატის საბაზისო პრინციპები შემდეგნაირადაა გახსნილი: ადამიანი, რომელიც დაცვას საჭიროებს, „ეახლება ძალმოსილებით აღჭურვილ წარჩინებულს და მისგან საკუთარი თავის, ოჯახისა და მთელი თავისი ქონების მფარველობას ითხოვს, რაზეც მთხოვნელს უარს არასოდეს ეუბნებიან, რადგანაც უარის თქმა მათ ღირსებას უდიდეს ჩირქს სცხებს… მფარველობაში აყვანილი პირი კი, სტუმრის უფლებით, სტუმარმასპინძლობის საფარქვეშ შედის“.
მფარველი შესაძლებლობას იძენდა, ესარგებლა მის მფარველობაში მყოფის მმსახურებით. აგრეთვე განკარგავდა იმ ჯარიმის გარკვეულ ნაწილს, რომელსაც ამ უკანაკნელის განაწყენებაში დამნაშავე პირს ახდევინებდა. ამდენად, ყალიბებოდა ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობა, რომელიც მანამდე ნარჩუნდებოდა, ვიდრე რომელიმე მხარე პირობას არ დაარღვევდა. ასეთ შემთხვევაში დასაცავ  პირს სხვა პატრონის მფარველობის ქვეშ შესვლა შეეძლო.
პატრონატულ ურთიერთობებში მყოფ მხარეთა ვალდებულებები ადიღთა ტრადიციული სამართალშეგნების მნიშვნელოვან თავიებურებას წარმოადგენდა. ფართო აზრით, გლეხებისა და ფეოდალების, ვასალისა და სიუზერენის ურთიერთდამოკიდებულებაც პატრონატის კატეგორიაში გადიოდა. გარეშე დამკვირვებელთა თვალში ამ სოციალური კავშირების თავისებურებათა ხასიათი თავისუფალი ურთიერთობების შთაბეჭდილებას ქმნიდა, რომლის უკან, რეალურად, საკმარისად მკაცრი სოციალური იერარქია სუფევდა.
სტუმარმარპინძლობის, ყონაღობისა და პატრონატის ინსტიტუტები ზღუდავდა გეოდალურ შინააშლილობას და, გარკვეულწილად, დევნილ თავადთა უსაფრთხოებასაც  უზრუნველყოფდა.
ჩერქეზი არისტოკრატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრივილეგიას თავიანთ პატონებთან კონფლიქტში მყოფი გლეხების მფარველობა წარმოადგენდა. ტრადიციის მიხდვით, განაწყენებული გლეხი კონფლიქტის დარეგულირებამდე დრებით მფარველთა იმყოფებოდა. XVIII ს-ის 60-იანი წლებიდან გახშირდა გლეხთა გაქცევა რუსულ სიმაგრეებსა და ქალაქებში, რაც ცარიზმის მიერ იყო წახალისებული. ამასთან, დევნილები რუს ხელმძღვანელობასთან თავიანთ ურთიერთობას მფარველობა-ყონაღობის ტრადიციულ კატეგორიებში მოიაზრებდნენ. კავკასიის კორპუსის სარდლის პ.პოტიომკინის 1782  წლის 2 ნოემბრის რეპორტში აღნიშნულია, რომ ყაბარდოელი მებატონეები ითხოვენ თავიანთ იმ ყონაღების, ე.ი. მფარველობაში მყოფი გლეხების, დაბრუნებას, რომლებიც სიმაგრესთან ახლოს დასახლდნენ, რაზედაც უარი ეთქვათ.
უნდა ითქვას, რომ პატრონატის ინსტიტუტი ადიღთა საერთაშორისო კავშირების სისტემაში (როგორც მათი დამორჩილების მოსურნე სახელმწიფოებთან, ისე მათზე დამოკიდებულ ხალხებთან ურთერთობაში) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენდა. XVIII ს-ის პირველ მეოთხედში კ.გლავანი აღიშნავდა: „ჩერქეზეთი არავისზე დამოკიდებული არ არის და იმყოფება ყირიმის ხანის მფარველობის ქვეშ, რამდენადაც ასეთ ურთიერთობას უფრო ხელსაყრელად თვლიან… ყოველი თავადი დამოუკიდებელია თავის სამფლობელოში, თუმცა ისინი თითქმის მუდამ თათრეთის ხანისი მფარველობაში არიან“.
როგორც ჩანს, თემრუყ იდაროვს, რომელმაც 1557 წელს ივანე IV-სთან შეთანხმება გააფორმა, რუსეთთან ურთიერთობა ყონაღობა-პატრონატის კატეგორიებში ესახებოდა. 1779 წელს ყაბარდოელი წარჩინებულები გენერალ იაკობს, რომელმაც ყაბარდოში აჯანყება ჩაახშო, ატყობინებდნენ, რომ „ივანე ვასილის ძის დროიდან ისინი არიან არა ქვეშევრდომები, არამედ რუსეთის მფარველობაში მყოფნი, როგორც ყონაღები (სტუმრები ან მეგობრები) და ამჟამადაც ასეთივე პირობებს ემორჩილებიან“. რუსეთ-ყაბარდოს ურთიერთობას მფარველობას უწოდებდნენ ჰ.პალასი და ს.ბრონევსკი.
ყაბარდოეული სათავადოების პოლიტიკურ პრაქტიკაში განსახილველი ინსტიტტის ფუნქციონირების თავისებურება ის იყო, რომ ყოველი მათგანი  ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ამყარებდა ურთიერთობას, როგორც მფარველებთან (რუსეთთან, თურქეთთან, ყირიმის სახანოსთან, ირანთან). ისე მათი პატრონატის ქვეშ მყოფ მეზობელ ხალხებთან. ეს კავშირები თანდათანობით ვასალური და ქვეშევრდომული ურთიერთობების ხასიათს იძენდა.
XVIII ს-ის დასასრულიდან შაფსუღთა, ნათუხაელთა და აბძახთა შორის მფარველობითი ურთიერთობების სოციალური საფუძველი არსებითად გაფართოვდა. ესწრაფოდნენ რა თავისუფლებას, თავადური სამფლობელოებიდან გამოქცეული გლეხები გავლენიანი საძმოების წარმომადგენელი თფოქოთლების (გლეხთა კატეგორია) მფარველობაში შედიოდნენ, რამაც „დემოკრატ“ ჩერქეზთა რაოდენობრივ ზრდასა და პოლიტიკურ გაძლიერებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
სოციოკულტურული და პოლიტიკური კონტექსტის მიხედვით, იღებდა რა ძალზე მრავალგვარ ფორმას,პატრონატის ინსტიტუტი მნიშვნელოვნად ფართო ფუნქციებს ასრულებდა. 1748 წლის ერთი რუსული დოკუმენტი („ყაბარდოელი ხალხის აღწერა“) იტყობინებოდა, რომ „ყაბარდოელები სხვადასხვა ეროვნების ლტოლვილებს იფარავდნენ და მათ, უპირატესად, წარჩინებულებს, განსაკუთრებული იძულების გარეშე უკან არ აბრუნებენ“.
ეყრდნობოდა რა 1739 წლის ბელგრადის საზავო ხელშეკრულების პირობებს, 1752 წელს თურქეთმა რუსეთს მიმართა საჩივრით, რომელშიც ყაბარდოელები ერთ-ერთი ყირიმელი სულთნის მკვლელების, ბესლანელი წარჩინებულების – დოხჩუყინებისა და მახუყინების და მათი ქვეშევრდომების მფრაველობაში დაადანაშაულა, ამასთან, თავად ჯამბულათ ყაითუყინისგან, ყაშყათაელთა პარტიის ხელმძღვანელისგან, ასლანბექ ყაითუყინის მიერ თავის მფარველობაში მიღებული 300 ოჯახის გადმოცემა მოითხოვა. აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ყაბარდოს საზღვრებთან ახლოს რუსეთისა და ყირიმის სახანოს სამხედრო შენაერთები განლაგდა. 1753 წლის ზაფხულში, ბაქსანელთა პარტიის დაჟინებული მოთხოვნით, ყაბარდოში შეყვანილ ინა მსხვილი სამხედრო დაჯგუფება მაიორების – ი.ბარკოვსკისა და პ.თათაროვის მეთაურობით. მიუხედავად ამისა, ჯ.ყაითუყინმა რუსეეთისა და თურქთის პრეტენზიები თავდაპირველად არ მიიღო, მაგრამ მოგვიანებით, გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილმა, განაცხადა, რომ მზად იყო, ბესლანელები რუსებისათვის გადაეცა, თუკი მათ ყაბარდოს ფარგლებს გარეთ არაფერი დაუშავდებოდათ. როცა რუსებმა გარკვეული შესწორებით ეს პირობა მიიღეს, ახალი წინააღმდეგობა წარმოიშვა. 1753 წლის 17 ოქტომბერს ჯ.ყაითუყინმა ი.ბარკოვსკისა და პ.თათაროვის ელჩის საშუალებით ამგვარი რამ შეუთვალა: ყაშყათაელთა სამფლობელოში ყირიმის სახანოს არც ერთი ქვეშევრდმი არ იმყოფება, არიან მხოლოდ ბესლანელთა შვილები და შვილიშვილები, რომელთა მამაები ა.ყაითუყინმა შეიფარა და არცთუ მცირეფასოვანი საქონლით – ცხენებით, ჯავშნითა და ყოველგვარი აღჭურვილობით, საცხოვრებლითა და მიწით დაასაჩუქრა. მათი დიდი ნაწილი უცოლშვილო იყო და ყაბარდოელ ქალიშვილებზე დაქორწინდა, რითაც ადგილობრივ წარჩინებულებს დაუნათესავდა. ამჟამად მათი შთამომავლები, მართალია, ბესლანელებად იწოდებიან, მაგრამ ნამდვილი ყაბარდოელები არიან. ამიტომ ამ ხალხის გადაცემა ჩვენი ჩვეულებითი სამართლის გაუთვალისწინებლად, ყოვლად დაუშვებელია.“
თუკი თვალს გავადევნეთ ჯ.ყაითუყინის არგუმენტაციის თანმიმდევრობას, მიმართულს ყირიმისათვის ბესლანელთა გადაცემის წინააღმდეგ, დავინახავთ, რომ აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სავსებით რეალურ გარემოებას, კერძოდ: ბესლანელი წარჩინებულები, დოხჩუყინები და მახუყინები, თავიანთ ქვეშევრდომებთან ერთად ცხოვრობდნენ რა ყაითუყინების სამფლობელოში, როგორც ამ უკანასკნელთა მფარველობის ქვეშ მყოფი კლიენტები, და მიიღეს მათგან ე.წ. უორკინი („აზნაურთა საჩუქარი“), დროთა განმავლობაში ყაითუყინების ფაქტობრივ ვასალებად იქცნენ. სხვაგვარად რომ ვთქათ, სახეზეა სიუზერენიტეტ-ვასალიტეტურურთიერთობებში პატრონატის ტრასფორმაციის პროცესი. ყოველგვარი პირობების გარეშე ყუბანის სარეკირისათვის ბესლანელთა შთამომავლების გადაცემით ყაითუყინებს პირობები, რითაც კარგავდნენ არა მარტო მრავალრიცხოვან ვასალ-აზნაურს, არამედ ღირსებასაც. ამაზე კი არც ერთი ყაბარდოელი თავადი არ წავიდოდა, რადგან საყოველთაო გაკიცხვას დაიმსახურებდა.
მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო ადმინისტრაციამ ყაბარდოელი თავადები დაიქვემდებარა, გამოირიცხა წარსულში ამ უკანასკნელთა მორჩილი ჩრდილოკავკასიელი ხალხების ცალკეული სუბეთნიკური ჯგუფების მიმართ პატრონატის ინსტიტუტის მოქმედება. უფრო მეტიც, საკუთრივ ყაბარდოში გაბატონებული კლასის ვასალურ-იერარქიული სტრუქტურის  მოშლამ თავადთა მხრიდან აზნაურების მფარველობა, რასაც პლიტიკური შინაარსი სრულად გამოეცალა, სიმბოლური მნიშვნელობის გახადა. რაც შეეხება „მეამბოხე“ მთიელების მფარველობას, იგი მკაცრად დასჯად ქმედებას წარმოადგენდა.
ვიხილავთ რა პატრონატის ინსტიტუტის კრიზისს, ჩვენ იმავე სირთულეებს ვაწყდებით, რასაც სტუმარმასპინძლობის შესწავლის პროცესში. მათ შესახებ წყაროები, როგორც წესი გვაწვდიან ფრაგმენტულ და დაუნაწევრებელ (რედ. დანაწევრებულ) ინფორმაციას, რომელიც საშუალებას არ გვაძლევს, მკვეთრად გავმიჯნოთ ამ ინსტიტუტთა ფუნქციონირების ზონები. ამ სირთულეებს განაპირობებს სავსებით ობიექტური მიზეზები, რამდენადაც ეს ინსტიტუტები მჭიდრო ურთიერთკავშირითა და ურთიერთდამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ, ამასთან, არა მხოლოდ იმ აზრით, რომ ერთ-ერთი მათგანის მოშლა მეორის დისფუნქციას იწვევდა, არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ, მაგალითად, პატრონატის შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ფუნქციის განხორციელებას სტუმარმასპინძლობის ჩვეულება იწყებდა. შესაბამისად, ისინი აგრეთვე ურთიერთშემავსებლობითა და ურთიერთშემცვლელობით ხასიათდებოდნენ. ამ გარემოებამ ასახვა პოვა (რედ. ეს გარემოებები აისახა) ტერმინში – хьэш|э, რომელიც ერთდროულად კლიენტსაც აღნიშნავს და სტუმარსაც. მათი გაუმიჯნაობის სხვა მიზეზი ის არის, რომ XIX  ს-ის 20-50-იან წლებში ხელისუფლებისთვის არასაიმედო პერსონების ე.წ. აბრაგების მიმართ ამ ინსტიტუტების ღიად ამოქმედება შეუძლებელი გახდა.
ცარიზმის ღონისძიებები, მიმართული აბრაგთა შეფარვის წინააღმდეგ, ხელს უწყობდა პატრონატისა და სტუმარმასპინძლობის ტრადიციების მოშლას, თუმცა აშკარად იგი მხოლოდ პირველს შეეხო. თავადთა მიერ თავიანთი ძალმოსილების დაკარგვის კვალდაკვალ გაიაზრდა იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც გავლენიანი სიუზერენის მფარველობას საჭიროებდნენ. ამდენად, ნებისმიერი პირის უფლება, ზემდგომის მფარველობა მიეღო, ფიქცია გახდა.
ამგვარად, XIX ს-ის 2-50-იან წლებში პატრონატ-ყონაღობის ინსტიტუტი ღრმა კრიზიის პირობებში აღმოჩნდა, თუმცა მისი ცალკეული ელემენტები ერთბაშად არ გამქრალა. შედარებიტ ხანგრძლივად შენარჩუნდა პატრონატი გლეხთა მიმართ, ისევე, როგორც თვით ფეოდალურ-ბატონყმური წყობა, რომელიც XIX ს-ის 60-იანი წლების რეფორმების შედეგად ლივიდირებულ იქნა.
დაბოლოს, როგორც ამას ქვემოთ დავინახავთ, მეზობელ ხალხებთან ჩერქეზთა ურთიერთობაში პატრონატის ფუნქციების მნიშვნელოვანი ნაწილი ათალიყური კავშირების მეშვეობით რეალიზდებოდა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საზოგადოებრივი თვითრეგულაციის ტრადიციული ინსტიტუტების მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაზე.

No comments:

Post a Comment

აფხაზური ფოლკლორის საკითხები

წყაროები: სერგეი ზუხბა - "აფხაზური ზეპირსიტყვიერება", 1988, თბილისი. "ამბავი ნართებისა", 2017, თბილისი.