- "ზნეობა თავისუფალი ადამიანის შინაგანი მდგომარეობა უნდა იყოს მხოლოდ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მისი თავს მოხვევა. სხვაგვარად, გალიაში გამომწყვდეული მხეციც ზნეობრივად შეიძლება ჩაითვალოს."
- „თუ ზნეობის საწყისებს არ ვიცნობ, საბუნებისმეტყველო მეცნიერება გასაჭირში ვერას მიშველის, ზნეობის საწყისების ცოდნა კი მიშველის ბუნებისმეტყველების ცოდნის გარეშეც.“ - ბლეზ პასკალი.
- "წარმოება გავლენას ახდენს მეცნიერებაზე და პირიქით."
- "დაავადებათა 80 პროცენტზე მეტი (პათოლოგიური მშობიარობა, ავთვისებიანი სიმსივნეები, ფსიქიკური დარღვევები და ა.შ.) ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების შედეგია."
- "პესტიციდებს შემდეგ ჯგუფებად ყოფენ: ინსექტიციდებად, რომლებსაც იყენებენ მწერების გასანადგურებლად, ფუნგიციდებად - სოკოებთან საბრძოლველად, ჰერბიციდებთან - სარეველების მოსასპობად და სხვ. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ადამიანისთვის უვნებელი პესტიციდი არ არსებობს. მათი ყოველწლიური წარმოება ხუთ მილიონ ტონას აღწევს. პესტიციდების 90 პროცენტი მიზანს ვერ აღწევს, გარემოში იფანტება და ჩამდინარე წყლებით წყალსატევებში ხვდება."
- "შხამქიმიკატების გამოყენება - მთელი საზოგადოების ხანგრძლივი ზარალის ხარჯზე ცალკეულ უწყებათა ხანმოკლე მოგების ერთ-ერთი მაგალითია."
- "მცენარეთა და ცხოველთა პარაზიტების ექვსასი სახეობა შეეგუა არსებულ პესტიციდებს, ამიტომ მათ წინააღმდეგ საბრძოლველად სულ უფრო და უფრო ძლიერ შხამებს იყენებენ. ასევე ნიტრატების - აზოტიან სასუქთა რადენობის გაზრდასთან დაკავშირებით, ადგილი აქვს ცხოველთა დაავადებისა და დაღუპვის ფაქტებს. გერმანიაში ისპანახით მასობრივი სასიკვდილო მოწამვლის მიზეზი... აზოტიანი სასუქები აღმოჩნდა. ამ მცენარეს უნარი აქვს ნიტრატი (სასუქი) ადვილად გარდაქმნას ნიტრიტად - ადამიანისთვის საშიშ შხამად. არც თუ ისე იშვიათად ირღვევა სასუქების დოზა და გამოყენების აგრონომიული ტექნოლოგია ცალკეულ კულტურათა წრებრუნვაში. ამ დროს სასუქები - ცოცხალი ბუნების მეგობრები და თანაშემწენი მის მტრებად იქცევიან. მაგალითად, აზოტიანი სასუქების გადაჭარბებული ხმარება ამცირებს სახამებლის შემცველობას კარტოფილში, აუარესებს კვებით თვისებებს. ასეთი ბოლქვები ადვილად ზიანდება სხვადასხვა დაავადებებით. ცუდად ინახება. ჭარბი აზოტი საკვებს ცხოველებისთვის სრულიად უვარგისს ხდის.გარემოს ქიმიური გაჭუჭყიანების საშიშროება ღრმავდება იმითაც, რომ ეს შხამები ნივთიერებათა ცვლაში არ მონაწილეობენ და ორგანიზმს მათი აკუმულაციის უნარი გააჩნია. ამიტომ მცენარეებში, ცხოველთა და ადამიანის სხეულში ტყვიის, სინდიყის, პესტიციდების და სხვა ტოქსიკური ნაერთების კონცენტრაცია ათეულჯერ და ასეულჯერ აღემატება ნიადაგში, წყალსა და ჰაერში მათ შემცველოობას. ეს მავნე ნაერთები დედის რძეშიც კი აღმოჩნდება ხოლმე."
- "ტოქსიკურ ნივთიერებათა აკუმულაცია ორგანიზმში ამცირებს ინფექციებისადმიი მის წინააღმდეგობას, ამწვავებს გულ-სისხლძარღვთა, კიბოვან დაავადებებს, ასთმას, ღვიძლის ცეროზს. საგანგაშოა ისიც, რომ მრავალი პესტიციდი იწვევს მემკვიდრეობით კიბოვან დაავადებებსაც."
- "სამხედრო იარაღებს შორის ყველაზე საშიში ქიმიური იარაღია. მასვე განეკუთვნება ე.წ. „სუპერქიმიური“ იარაღი - ნეიტრონული ბომბი, რაც არა მარტო აბინძურებს, არამედ დამღუპველადაც მოქმედებს გარემოზე. მდინარე იპრის ნაპირებსა და პირველი მსოფლიო ომის სხვა ფრონტებზე გერმანელების მიერ პირველად იქნა გამოყენებული მასობრივი განადგურების იარაღი. „ქიმიური ბომბის მამად“ გერმანელ ქიმიკოსს ფრიც ჰაბერს თვლიან (მიაქციეთ ყურადღება: იგივე ჰაბერი ითვლებს სასუქების წარმოების მამამთავრადაც!), რომელიც ამ იარაღს შედარებით იაფ და მოულოდნელობის ეფექტის მომცემ იარაღად მიიჩნევდა. სხვადასხვა მომწამლავ ნივთიერებათა მიერ გამოწვეული დაზიანების მექანიზმი განსხვავებულია, მაგრამ თითოეული მათგანი, უმცირესი დოზითაც კი, ცოცხალი ორგანიზმის უჯრედში მოხვედრისას არღვევს სასიცოცხლო პროცესების ნორმალურ მსვლლობას. კიდევ უფრო საშიშია მომწამლავ ნივთიერებათა მიერ გამოწვეული გენეტიკური შედეგები."
- "ამერიკის ქიმიური ასოციაციის მონაცემებით, შეერთებული შტატები ფლობს ქიმიური იარაღის ისეთ პოტენციალს, რომელსაც 5 ათასჯერ შეუძლია დედამიწაზე ყოველი ცოცხალი არსების მოსპობა."
- "1945 წელს ალბერტ აინშტაინი წერდა: „ფიზიკოსები დღეს ალფრედ ნობელის მდგომარეობაში არიან, რომელმაც თავისი დროის უმძლავრესი ფეთქებადი ნივთიერება - პიროქსილინი გამოიგონა. მონანიების მიზნით, თავისი სინდისის დასამშვიდებლად მან დააწესა პრემია მშვიდობისთვის ბრძოლისა და მისი შენარჩუნებისთვის. დღეს ფიზიკოსები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ყველა დროის ყველაზე საშინელი და ყველაზე საშიში იარაღის შექმნას, განიცდიან მსგავსი პასუხისმგებლობის გრძნობს, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაშაულის გრძნობას.“
- "„ჩვენ, ფიზიკოსებმა, აკრძალული ნაყოფი ვიგემეთ ცოდნის ხიდან და შევიგრძენით რა არის ცოდვა“. ეს სიტყვები აინშტაინის სულიერმა მემკვიდრემ, „ატომური ბომბის მამამ“, პროფესორმა რობერტ ოპენჰაიმერმა წარმოთქვა გამოძიების ფედერალური ბიუროს საიდუმლო პოლიციის მიერ მოწყობილ საბრალმდებლო პროცესზე. ოპენჰაიმერს ადანაშაულებდნენ არა იმაში, რაც მან გააკეთა (პირველი ატომური ბომბის შექმნისთვის იგი დაფნის გვირგვინით შეამკეს), არამედ იმაში, რომ იგი არასაკმაო ენთუზიაზმით მოეკიდა წყალბადის ბომბის შექმნას. პრეზიდენტ ტრუმენთან ვიზიტის დროს მან იტირა და დასწყევლა თავისი ხელები და ტვინი, რომლებიც ასეულობით ათასი ადამიანის დაღუპვის მიზეზი გახდა."
- "ბუნებისმეტყველების ერთ-ერთი უკანასკნელი მიღწევაა მემკვიდრეობითი ინფორმაციის მატარებლის- გენის სინთეზის მეთოდის შემუშავება, რომელსაც უდიდესი მეცნიერული და ნატურ-ფილოსოფიური მნიშვნელობა აქვს. ამ აღმოჩენით ახალი პერსპექტივა იშლება მემკვიდრეობით თანდაყოლილ ავადმყოფობათა და ავთვისებიან სიმსივნეთა მკურნალობაში, მაგრამ შესაძლებელია ამ მიღწევის ანტიადამიანური მიზნით გამოყენებაც. გენური ინჟინერიით ძალიან საშიში ბიოლოგიური იარაღის შექმნა შეიძლება. იგი დედამიწისათვის უცნობი, ახალი ორგანიზმების შექმნის წყაროა, რომელთა საწინააღმდეგო იმუნიტეტი ადამიანს არ გააჩნია."
- "იმდენად მაღალია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შხამქიმიკატების ტოქსიკურობა, რომ საომარი მიზნითაც კი შეიძლება მათი გამოყენება. მაგალითად, სამხრეთ ვიეტნამში ქიმიური ომის პერიოდში (1961-1972წწ.) აშშ-მა დიდი მასშტაბით გამოიყენა ჰერბიციდი (სარეველებთან ბრძოლის ქიმიური საშუალებანი), როგორც მასობრივი მოსპობის იარაღის - ეკოციდური და გენოციდური იარაღის - ახალი სახეობა, რომელმაც მილიონზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. ეს პესტიციდები იწვევს სხვადასხვა დაავადებას - ღვიძლის დაზიანებას, იმუნური და ცენტრალური ნერვული სისტემების მოშლას, ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოშობას, მშობიარობის ანომალიებს და ახალშობილთა სიმახინჯეებს. სწორედ ეს დაავადებანი იქნა ვიეტნამში გამოვლენილი ტყეებსა და მინდვრებში ამ ნივთიერებათა მოფრქვევის შემდეგ. ქიმიურმა ომმა ვიეტნამში გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ფლორასა და ფაუნასაც - დაიღუპა 40 პროცენტამდე მცენარეულობა. ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე დღემდე არაფერი ხარობს. ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართულ 9 აპრილის აქციაში გამოყენებული ნივთიერებებიც პესტიციდების ოჯახს მიეკუთვნება."
- "ერთი შეხედვით, ისეთი უვნებელი სანიტარული საშუალებაც კი, როგორიცაა წყლის ქლორირება, ადამიანის ჯანმრთელობის რისკთან ყოფილა თურმე დაკავშირებული. ქლორირებულ წყალში ორი მუტაგენური ნივთიერება აღმოჩნდა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ კანცეროგენული ეფექტი, ე.ი. უჯრედის უკონტროლო გაყოფა და კიბოვანი სიმსივნეები. ბუნებრივი წყალი კი ასეთ ნივთიერებებს არ შეიცავს, ისინი მხოლოდ ქლორირებისას წარმოიქმნებიან."
- "ერთ-ერთი შხამიანი ლითონია კადმიუმი. იგი, პირველ რიგში, ადამიანის ნერვულ სისტემას აზიანებს. კადმიუმის შემცველი საღებავებით დამზადებული თოჯინები კი ჩვენთან დღემდე თამაშობენ ბავშვები."
- "მიღებულ უნდა იქნეს საერთაშორისო კანონი, რომელიც გამოყენებულ ქიმიურ საშუალებათა უსაფრთხოების გარანტიას მოგვცემს. ჯერ კიდევ საბერძნეთსა და ძველ რომში არსებობდა კვების პროდუქტების ხარისხის მაკონტროლებელი სპეციალური დაწესებულებები."
- "დაუყვნებლივ სჭირდება მკურნალობა შავ ზღვას, რომელიც პრაქტიკულად ჩაკეტილი წყალსაცავია. მისი 87 პროცენტი მკვდარ ზონად აქცია გოგირდწყალბადმა. შავ ზღვაში კანცეროგენულ ნავთობპროდუქტთა შემცველობა ოცდაათჯერ აღემატება ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციებს. "
- "ქალაქის ჰაერის გაბინძურების 70-80 პროცენტი ბენზინის წვის პროდუქტებზე მოდის. მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხეს ე.წ. „ეთილირებული ბენზინი“ წარმოადგენს. იგი ანტიდეტონაციური დანამატის სახით შეიცავს ტეტრაეთილტყვიას, რომელიც ადვილად იწოვება კანიდან და წარმოადგენს ძლიერ მომწამლავ ნივთიერებას. ასეთი ბენზინის წვის პროდუქტები ორასამდე სხვადასხვა ნივთიერებასთან ერთად შეიცავს ტყვიის შემცველ ნივთიერებებსაც, რომლებიც იწვევენ ავთვისებიან სიმსივნეებს, მიოკარდის ინფარქტს და სხვა საშიშ დაავადებებს. გამონაბოლქვ აირებში შემავალ ტყვიას ადვილად ითვისებს მცენარეები, ამიტომ ავტოტრასებთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე მოყვანილი სასოფლო-სამეურნეო კულტურები ადამიანისთვის მავნეა."
- "როგორც საჯაროობამ გვიჩვენა, თურმე არც ერთ ქვეყანას არ ჰქონია იმდენი უწყება, რამდენიც საბჭოთა კავშირს. წარმოიდგინეთ 18 მილიონი ადამიანი, რომელიც მხოლოდ მართავს და არაფერს ქმნის. ეს კი კოლოსალურად აწვება ბიუჯეტს და ნებისმიერი წამოწყების მუხრუჭია."
- "არათუ მთასა და ხევს, თურმე, სარეველებსაც სჭირდებათ მოვლა. ჰერბიციდების მასობრივმა გამოყენებამ ოდესღაც მდიდარი და მრავალფეროვანი მდელოები და მინდვრები დააკნინა. როგორც აღმოჩნდა, სარეველა მცენარეთა სრული ლიკვიდაცია არ ყოფილა მიზანშეწონილი. მართალია, სარეველებს ზიანი მოაქვთ - ნიადაგს საკვებ ნივთიერებებსა და სინესტეს ართმევენ, ჩრდილავენ და ხელს უშლიან კულტურულ მცენარეთა ზრდას, მაგრამ თუ არსებობს სასარგებლო და „მავნე“ მცენარეებს შორის ოპტიმალური წონასწორობა, მაშინ სარეველათა სარგებლობა მათ მავნეობას სჭარბობს. ისინი მავნებელ მწერთა მტრების ეკოლოგიურ ნიშს წარმოქმნიან. სასარგებლო კულტურათა ნორჩ ნაზარდებს ყინვის, სეტყვის და მზის მწველი სხივებისგან იფარავენ. ეროზიისგან იცავენ ნიადაგს და ხელს უწყობენ მის ჰუმუსად გარდაქმნას. გარდა ამისა, სარეველა ბალახები შთანთქავენ შხამებს (ვერცხლისწყლის, ტყვიის, კადმიუმის შემცველ ნაერთებს, ინსექტიციდებს და ა.შ.), რის გამოც გარემოს გამწმენდ ბუნებრივ ფილტრებსაც წარმოადგენენ. სარეველა ბალახები ძვირფასი ნედლეულია ახალ სამკურნალო პრეპარატთა მისაღებად. მაგალითად, ზოგიერთ მათგანში აღმოჩენილია კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერება. უცხოეთში გადაშენების პირას მისული სარეველები წითელ წიგნშიც კი შეაქვთ."
- "ბოლო დრომდე გავრცელებულია აზრი, თითქოს არსებობს რადიაციისა და შხამქიმიკატების უსაფრთხო დოზა, რომელიც არ მოქმედებს ჯანმრთელობაზე, ექსპერიმენტითაა უარყოფილი. დადგენილია, რომ ძლიერი დოზით ხანმოკლე დასხივება შესაძლებელია ნაკლებ საზიანო აღმოჩნდეს, ვიდრე ხანგრძლივი დაბალი დონის ფონური რადიაცია ანალოგიურად მოქმედებენ შხამქიმიკატებიც. ამ დროს მკვეთრად ეცემა ორგანიზმის უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დაავადებებს. უზნეობაა შხამების საშუალო ნორმების დაწესება (ხშირად პოლიტიკური თვალსაზრისით). კიდევ უფრო უზნეო საქციელია „სპეციალისტების“ მიერ ახსნა-განმარტების მიცემა მათი უვნებლობის შესახებ. ორი ან რამდენიმე აგენტის ერთობლივი მოქმედება ხშირ შემთხვევაში იწვევს ტოქსიკურობის მკვეთრ გაზრდას (სინერგიზმის ეფექტი). შესაძლებელია ცალ-ცალკე გარემოს ქიმიური და რადიაციული გაბინძურების დონე არ აღემატებოდეს დადგენილ (პირობით) ნორმებს, ორივემ ერთად კი ძლიერი მომწამვლელი თვისებები გამოავლინოს."
- "ხელოვნებათმცოდნეები აბსტრაქციონიზმის ფუძემდებლად რუს მხატვარ ვ.კანდინსკის თვლიან, რომლემაც დახატა პირველი აბსტრაქტული სურათი 1910 წელს. იგი თავის მოღვაწეობას ატომის გაყოფადობის აღმოჩენას უკავშირებს. „ამ აღმოჩენამ ისე დამცა თავზარი, რომელიც სამყაროს დასასრულის მოლოდინს შეიძლება შეედაროს მხოლოდ - იგონებს კანდინსკი. - თვალის დახამხამებაში მეცნიერება ნამსხვრევებად იქცა. ყველა საგანმა დაკარგა სიმტკიცე და გარკვეულობა. არც გავიოცებდი ქვები ჰაერში რომ ასულიყო და გამქრალიყო.“ "
- "მეცნიერული ინტუიცია პრობლემის პერსპექტივისა და განვითარების გრძნობაა. იგი იწყება იქ, სადაც წყდება პრობლემის ამოხსნის ლოგიკური გზები, სადაც ცოდნა უძლურია. ინტუიციის ფსიქოლოგიური ძირი აბსტრაქტული აზროვნების ემოციურ სფეროშია გადგმული. სწორედ ემოციური აკომპანიმენტი ქმნის მეცნიერების პოეზიას - მეცნიერების არსებით ნაწილს, რაც ამდიდრებს მის შინაარსს, სტიმულს აძლევს მის განვითარებას."
- "როცა ტაძრის აგებისას მშენებლებს კითხეს თუ რას აკეთებდნენ, ერთმა უპასუხა: „ხელურიკით ქვებს დავათრევ, ეშმაკმა დალახვროს“. მეორემ თქვა: „ცხოვრების სარჩოს ვშოულობ“. მესამემ კი ამაყად მიუგო: „მე ტაძარს ვაგებ!“ "
- „კეთილგონიერია ის, ვინც კი არ ნაღვლობს იმას, რაც არ აქვს, არამედ ხარობს იმით, რაც გააჩნია.“ - დემოკრიტე.
- „არა ამქვეყნიური ძალები და სიმდიდრე ხდის ადამიანს ბედნიერს, არამედ სიმართლე და მრავალმხრივი სიბრძე.“ - დემოკრიტე.
- სკოლამ უნდა ასწავლოს აზროვნება და არა უბრალოდ გამოუტენოს თავი მოსწავლეს სასწავლო მასალით. საჭიროა ისეი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც დაუფლებულნი იქნებიან მრავალ პროფესიას, შეძლებენ მუშაობის პროცესში ახალი ცოდნის შეძენას. ამიტომ სკოლის მერხიდანვეა აუცილებელი აზროვნების სწავლება. ამ მიზნით საჭიროა ასწავლო პროგრამებში მკვეთრად შემცირდეს სუფთა ინფორმაციული მასალა."
- "ჩვენს საზოგადოებას ენციკლოპედისტები კი არა, ყოველმხრივ განვითარებული პიროვნებები ესაჭიროება. ამ ამოცანას ვერ გადავჭრით თუ არ გვეყოლება მაღაკვალიფიციური პედაგოგიური კადრები. დღეს მასწავლებელმა, როგორც წესი, შესანიშნავად იცის ერთი სასკოლო საგანი, სხვა საგნებში კი, ხშირად, მოსწავლეებს ჩამორჩება. ლიტერატურის ბევრმა მასწავლებელმა არ იცის ნიუტონის კანონები, წარმოდგენა კი არ აქვს პოლიმერიზაციაზე. ამ ვითარებაში რაღად ვითხოვთ, რომ ყველა მოსწავლე ყველა საგანს ერთნაირად კარგად სწავლობდეს? მომავლის სკოლას კი სწორედ მრავალმხრივი განათლების მქონე პედაგოგი ესაჭიროება."
- "მეცნიერებამ და ტექნიკამ მბრძანებლობა ასწავლა ადამიანს ბუნებაზე და არა საკუთარ თავზე. მათ მისცეს ადამიანებს აურაცხელი მატერიალური კეთილდღეობა და შეუმსუბუქეს შრომა, მაგრამ ადამიანის სიცოცხლე ამისგან არ გამხდარა უფრო ბედნიერი, აზრიანი და შინაარსიანი."
- "ადამიანის ეკოლოგია - აი, რა არის დღეს უმთავრესი. საზოგადოებრივი მორალი, ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციები, ერის თავისუფლება და თითოეული ადამიანისადმი პატივისცემა ყოველგვარ პოლიტიკურ მისწრაფებაზე მაღლა უნდა დადგეს."
(თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1991 წელი.)
No comments:
Post a Comment